კრწანისში ავარიული სახლის კაპიტალური შეკეთება მიმდინარეობს

20/08/2016

კრწანისში, გორგასლის III ჩიხში, მე-19 საუკუნის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ავარიული შენობის კაპიტალური გამაგრების სამუშაოებს თბილისის მერი დავით ნარმანია მერის მოადგილეებთან, ირაკლი ლექვინაძესა და გიგა ნიკოლეიშვილთან ერთად გაეცნო. დავით ნარმანია კრწანისის რაიონის გამგებელ გიორგი კოპალეიშვილთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.

„ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც მერიის კეთილმოწყობის სამსახური და კრწანისის რაიონის გამგეობა ერთობლივად ახორციელებენ. პროექტი, რომლის ღირებულება, დაახლოებით, ერთ მილიონ ლარს შეადგენს, მოიცავს შენობის კონსტრუქციულ გამაგრებასა და მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგებას, რაც წლების განმავლობაში აზიანებდა შენობას. სახლის ფასადი სკრუპულოზურად კეთდება, რათა შევინარჩუნოთ ის მნიშვნელოვანი იერსახე, რაც წლების განმავლობაში ამ შენობის ერთ-ერთ საინტერესო და კულტურული მემკვიდრეობის ნაწილს წარმოადგენდა“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

შენობა, რომელიც 1880-იანი წლებით თარიღდება, წლების განმავლობაში ავარიულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რაც საფრთხეს წარმოადგენდა როგორც ამ სახლის, ასევე მომიჯნავე ეზოების მაცხოვრებლებისთვის. სარეკონსტრუქციო სამუშაოების ფარგლებში ნაგებობის მზიდი კონსტრუქციები გამაგრდა, შენობის დეკორატიულ ელემენტებს კი რესტავრაცია უტარდება. რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს სახლის ფასადის პირვანდელი სახით აღდგენას, ასევე, სახურავის საფარისა და საწვიმარი მილების სისტემის შეკეთებას.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „გრანიტი“ სპეციალისტების რეკომენდაციების შესაბამისად ახორციელებს და ორ თვეში დაასრულებს. სამუშაოების მიმდინარეობისას, ავარიულ სახლში მცხოვრები 17 ოჯახი დროებითი საცხოვრებელი ფართით კრწანისის რაიონის გამგეობამ უზრუნველყო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0