კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებებისთვის თბილისის რაიონულ გამგეობებში მოხალისეთა ტრენინგები დაიწყო

14/03/2020

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, თბილისის რაიონულ გამგეობებში მოხალისეთა ტრენინგები დაიწყო. დღეს, მოხალისეებთან და უფასო სასადილოების თანამშრომლებთან შეხვედრა ათივე გამგეობაში ჩატარდა. შესაბამისი რეკომენდაციები ახალგაზრდებს ქალაქ თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობის და კონტროლის მუნიციპალური ცენტრის წარმომადგენლებმა მისცეს. მოხალისეებს გადასცეს სპეციალური ეკიპირება – ჟილეტები, ბეიჯები, ხელთათმანები, ასევე, საინფორმაციო მასალა. შესაბამისად, ისინი ბენეფიციარებს უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით მოემსახურებიან. უფასო სასადილოების შესასვლელთან მობილიზებული იქნება სპეციალურად დატრენინგებული მოხალისეთა და მერიის თანამშრომელთა ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს რიგების რეგულირებას საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციის მიხედვით; გააკონტროლებს შესასვლელში დეზინფექციის პროცედურას; მიაწვდის ბენეფიციარებს მათთვის საჭირო დამატებით ინფორმაციას. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, დედაქალაქში მოქმედ 62 უფასო სასადილოში დამატებითი საპროფილაქტიკო ღონისძიებები გატარდება. დამატებით სერვისებს მერიის მიერ დატრენინგებული ახალგაზრდა მოხალისეთა ჯგუფები ორშაბათიდან განახორციელებენ. პროცესში მოხალისეებად ჩართვის სურვილი „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გამოთქვეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0