კორონავირუსით ინფიცირებულის ახლო კონტაქტები სწრაფ იზოლაციას ექვემდებარებიან და PCR-ტესტი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ჩაუტარდებათ

02/10/2020

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსით ინფიცირებულის ახლო კონტაქტები სწრაფ იზოლაციას (14 დღით თვითიზოლაცია ან შესაბამისი პირობების არარსებობის შემთხვევაში, საკარანტინო სივრცეში) ექვემდებარებიან და PCR-ტესტი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ჩაუტარდებათ, – აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
საბჭომ განიხილა აჭარაში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება და კლინიკების რესურსები. კლინიკური მართვის გაძლიერების მიზნით, ბათუმში იმყოფებიან შესაბამისი სპეციალისტები და ადგილობრივ სამედიცინო პერსონალს შესაბამის რეკომენდაციებს უწევენ. ამასთან, აჭარის რეგიონში ვირუსის გავრცელების შედარებით მაღალი მაჩვენებლიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები მოსახლეობას მიმართავენ რეკომენდაციით, პირბადე ღია სივრცეშიც ატარონ. ძალაში რჩება მოწოდება ხანდაზმულთათვის, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევების გარდა, მაქსიმალურად დარჩნენ სახლში.
ასევე, მთელი ქვეყნის მასშტაბით ნარჩუნდება რეკომენდაცია სამუშაო პროცესის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელების შესახებ.
საბჭომ ასევე განიხილა სასწავლო პროცესის დაწყების შემდეგ სასწავლო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა. აღინიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე სკოლაში ვირუსით ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდება, გადაწყვეტილებას შესაბამისი ღონისძიებების გატარების თაობაზე სკოლის ხელმძღვანელობა ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციის შედეგად მიიღებს.
საბჭომ ასევე განიხილა ქვეყანაში ტესტირების პროცესის მიმდინარეობა. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, მთლიანად ქვეყანაში 656 ათასი PCR და 350 ათასამდე სწრაფი ტესტია ჩატარებული, PCR ტესტირების ბოლო ერთი თვის დღიური საშუალო მაჩვენებელი კი 9200-ს აღემატება. საბჭოს წევრებმა ტესტირების პროტოკოლებში გარკვეული ცვლილებების შეტანის შესახებაც იმსჯელეს, მათ შორის კიდევ უფრო გაფართოვდება სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების, როგორც მაღალი რისკის ჯგუფის ტესტირება.
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 7093 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 3714 პირი გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაცვლილია 46 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 5392 ადამიანი, კოვიდ-სასტუმროებში – 1100 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 836 პირი.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0