კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის მიუხედავად, დედაქალაქის მასშტაბით მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

13/05/2020

დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და ყურადღება დედაქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა. მისი თქმით, ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია სწორი მენეჯერული გადაწყვეტილების მიხედვით მიმდინარეობს, თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში, კონკრეტული ტელევიზიისა და ადამიანების მხრიდან იყო მცდელობა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეეყვანათ.

„კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის მიუხედავად, დედაქალაქის მასშტაბით მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. სამუშაოები ვერ მიმდინარეობდა იმ ტემპით, რაც წლის დასაწყისში იყო, თუმცა ყველაფრის მიუხედავად, სამუშაოები ერთი დღით, ერთი წუთით არ შეგვიჩერებია. მინდა ახსნა-განმარტება გავაკეთო ჭავჭავაძის გამზირთან დაკავშირებით, რომლის სრული რეაბილიტაცია გასულ წელს დავიწყეთ. პროექტის ფარგლებში, მთლიანად ხდება მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება – სანიაღვრე სისტემა, წყალი, ბუნებრივი აირი, წყალარინების ქსელი. როცა სამუშაოები დავიწყეთ, მაშინ იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ რამდენიმე ლოკაციად დაგვეყო, რადგან გამზირის მთლიანად ჩაკეტვა შეუძლებელი იყო. მთლიანი გამზირის რეაბილიტაციით შეიძლება დროში მოგვეგო და უფრო ადრე დამთავრებულიყო, მაგრამ ეს მოსახლეობისთვის გარკვეულ დისკომფორტს გამოიწვევდა. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ადგილობრივ მოსახლეობას, ვინც გაგებით მოეკიდა შექმნილ დისკომფორტს. ჩემთვისაც მნიშვნელოვანია, რომ საფუძვლიანად გაკეთდეს ყველაფერი, რომ შემდგომ ახალგადაგებულ ასფალტზე იმავე სამუშაოების წარმოებამარ მოგვიწიოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ჭავჭავაძის გამზირზე სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, ასფალტის საფარის ზედა ფენა დაიგება.

„ჩვენ რამდენიმე დღის წინ უნივერსიტეტის პირველი და მეორე კორპუსიდან მოყოლებული, გზის მონაკვეთის მომზადება დავიწყეთ, რომ ასფალტის ბოლო ფენა დაიგოს. ამისთვის დაიწყო მნიშვნელოვანი სამუშაოების წარმოება – საკომუნიკაციო ჭების თავების წამოწევა. ამას კონკრეტული ტელევიზიის და კონკრეტული ადამიანების მხრიდან მოჰყვა მცდელობა, საზოგადოება შეცდომაში შეეყვანა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამის შესაძლებლობას არავის მივცემთ და ისინი თავიანთ სიცრუეში დარჩებიან, როგორც ყოველთვის. ეს არის მათი ბუნებრივი ადგილი. გამზირზე დაახლოებით, 300-მდე საკომუნიკაციო ჭა არის განთავსებული. როგორ წარმოგიდგენიათ, ეს ჭის თავები წამოწეული რომ დაგვეტოვებინა, როგორ მოახერხებდნენ ავტომობილები გადაადგილებას? შეუძლებელი იქნებოდა. ამიტომ, ვინც ერკვევა ინფრასტრუქტურულ პროექტებში, დამეთანხმება, რომ სამუშაოების წარმოება ხდება იქამდე, სანამ ასფალტის ბოლო ფენა დაიგება. ჩვენც ამ კრიტერიუმებს მივყვებით და ახლა სამუშაოების ბოლო ეტაპი იწყება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ ჭავჭავაძის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის სპეციალურად გამოყოფილი ზოლების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ანალოგიური მიდგომა მთელი ქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა ქუჩაზე განხორციელდება, რათა მოქალაქეებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება სწრაფი და კომფორტული იყოს.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამზირის შუა ნაწილი იქნება გამოყოფილი, რომ ავტობუსები ყოველგვარი შეფერხების გარეშე გადაადგილდნენ. ჩვენ ორი წლის წინ ვთქვით, რომ დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველაზე სწრაფი უნდა იყოს და სწორედ ეს არის იმ პოლიტიკის ნაწილი. ანალოგიური პროექტების განხორციელებას მთელი ქალაქის მასშტაბით ვგეგმავთ, რომ შესაბამისი საავტობუსე ზოლები გავაჩინოთ ყველა ქუჩაზე და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლე ადამიანებმა კომფორტულად გადაადგილება მოახერხონ. დედაქალაქის მუნიციპალიტეტი ამისთვის ყველა პირობას შექმნის, როგორც ახალი ავტობუსების, ასევე, შესაბამისი ინფრასტრუქტურის სახით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა გლდანის რაიონში, შეშელიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე დამეწყრილი უბნის საყრდენი კედლებით გამაგრების პროექტირება-მშენებლობის სამუშაოებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობისთვის საფრთხე აღარ იარსებებს.

„სამწუხაროდ, თბილისში გვაქვს მეწყერსაშიში ზონები, რომელიც დედაქალაქის გენერალურ გეგმაში შავ ზონებად არის აღნიშნული. დამეწყრილი ადგილები მუდმივად დაკვირვების რეჟიმშია. ერთ-ერთი ასეთი კონკრეტული მონაკვეთი შეშელიძის ქუჩაა, რომელიც ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის, ასევე, ტერიტორიაზე დასაქმებული მოქალაქეებისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მეწყერის წარმოშობის ერთ-ერთი მიზეზი ფერდის ძლიერი გაწყლოვანებაა, რის გამოც, ფერდის ჩამოშლა მიმდინარეობს. საპროექტო ორგანიზაციის სპეციალისტების მიერ, საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მოეწყოს მეწყერსაწინააღმდეგო დამჭერი კონსტრუქცია, რაც გულისხმობს სამ რიგად ხიმინჯოვან კედელს, რომელიც შეკრულია რკინა-ბეტონის ფილით. წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს სადრენაჟე არხების მოწყობასაც. ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანი გვწერდა და აღნიშნული პრობლების მოგვარებას გვთხოვდა. მინდა, თითოეული მათგანი დავამშვიდო და ვუთხრა, რომ ამ პროექტის განხორციელების შედეგად, მათთვის საფრთხე აღარ იარსებებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ მზადდება სამართლებრივი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, სამშენებლო-დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებისთვის გეგმარებითი დავალებებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმების მომზადების პროცესში წარმოსადგენი დოკუმენტები არსებითად გამარტივდება და მნიშვნელოვნად შემცირდება.

„რამდენიმე ხნის წინ ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დავავალე, რომ ამ მიმართულებით ბევრი საკითხი გაგვემარტივებინა, რადგან დღეს რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა გვაქვს და ის წესები და კანონები, რაც ურბანული მიმართულებით არსებობს, გარკვეულწილად, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. ჩემი დავალების მიზანი იყო, რომ სამშენებლო სექტორში ჩართულ ადამიანებს, დეველოპერებს ჰქონოდათ შესაძლებლობა, დროულად მომხდარიყო მათი პროექტების დამტკიცება. ზოგადად, განაშენიანების რეგულირების გეგმა ბევრი მნიშვნელოვანი კომპონენტისგან შედგება. იქ არის ისეთი საკითხები, რომელიც შეიძლება, არ იყოს აუცილებელი და მათი განხორციელება სხვანაირად იყოს შესაძლებელი. ვიცი, რომ საკანონმდებლო პაკეტი მთელი რიგი ცვლილებებისა მომზადებულია ამ მიმართულებით იმისთვის, რომ ჩვენს მშენებლებს, დეველოპერებს გავუმარტივოთ მუშაობა, მითუმეტეს, ამ რთულ ვითარებაში. ზოგადად, სამშენებლო სექტორი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ეკონომიკის განვითარებისა და მოქალაქეთა დასაქმების თვალსაზრისით. შესაბამისად, ამ მიმართულებით მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თავის მხრივ, ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განმარტა, რომ სამართლებრივი ცვლილებების მიზანია, საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებისა და პროექტების განხორციელების პროცესი დროში შემცირდეს და გამარტივდეს.

„ქალაქგეგმარებითი დოკუმენტების მომზადება ძალიან დიდ დროს მოიცავს და ამ პროცესში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ურბანული ღირებულების დაცვა ხდება. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ და ბოლო პერიოდის განმავლობაში, კიდევ უფრო აქტიურად ვიმუშავეთ. ვცდილობთ, რომ ნაკლებად მნიშვნელოვანი ბიუროკრატიული რგოლები შევკვეცოთ და ამოვაგდოთ. რა თქმა უნდა, არ უნდა შევეხოთ იმ მთავარ ღირებულებებს, რაც ყველასთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენი, ადმინისტრაციული ორგანოს მეტი მუშაობის ხარჯზე, ვცდილობთ, გავამარტივოთ, დროში შევამციროთ საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღება და პროექტების განხორციელება. ახლა ჩვენ უკვე ვართ სამართლებრივი აქტების მომზადების პროცესში და უახლოეს დღეებში შევძლებთ, დეველოპერებს წარვუდგინოთ პრეზენტაცია, შევხვდეთ და მივაწოდოთ ეს მასალა, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს მუნიციპალიტეტი, რათა ქალაქგეგმარებითი დოკუმენტების მომზადების პროცესში გარკვეული სიმარტივეები გაჩნდეს“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სამშენებლო-დეველოპერული მიმართულების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ეს პროცესი სწორი ურბანული განვითარების ხარჯზე არ უნდა მოხდეს. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც დედაქალაქის მერმა ყურადღება გაამახვილა, ტრანსპორტის ზეგავლენის შეფასების მომზადებაა, რომლის ვალდებულებაც სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიებს ეტაპობრივად მოეხსნებათ. აღნიშნული პროცესის დაკვირვებასა და შემდგომ უკვე გადაწყვეტილების მიღებას თბილისის მერია დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე განახორციელებს.

„დაახლოებით, ორი წლის წინ ჩვენ შემოვიღეთ ტრანსპორტის ზემოქმედების შეფასება, ყველა სამშენებლო პროექტის განხორციელებისათვის, რათა მიგვეღო სრული ინფორმაცია, რამდენად გამტარუნარიანია კონკრეტული ქუჩა, როდესაც ახალაშენებულ კორპუსში პირობითად, 500 ოჯახი შესახლდება. ამას წლების განმავლობაში დეველოპერებს არავინ სთხოვდა. ჩვენ დავიწყეთ მოთხოვნა ტრანსპორტის ზემოქმედების შეფასების, რაც გვაძლევდა იმის შესაძლებლობას, რომ სწორად განგვესაზღვრა, რამდენად შეესაბამებოდა ინვესტორის მხრიდან მოთხოვნილი პროექტი არსებულ და სამომავლო მდგომარეობას. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, მთელი ქალაქის მასშტაბით, უკვე გვაქვს სრული ინფორმაცია, რომ თავად განვსაზღვროთ თუ რა მასშტაბის პროექტები უნდა განხორციელდეს, როგორი იქნება სატრანსპროტო შეფასება კონკრეტულ პროექტებზე. აქამდე ტრანსპორტის ზემოქმედების შეფასების გაკეთებას ინვესტორს, დეველოპერს ვთხოვდით. მერიაში ორი წლის განმავლობაში, დაგროვდა საკმარისი მონაცემები, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ამიერიდან, ეს დამოკიდებულება შევცვალოთ, თითოეული წარმოდგენილი მოთხოვნის დაკვირვება თავად ვაწარმოოთ და გადაწყვეტილებაც მივიღოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განმარტებით, იყო შემთხვევები, როდესაც თბილისის მერიაში ხარვეზიანი დოკუმეტები შემოდიოდა, რაც აღნიშნული მიმართულებით დამატებით პრობლემებს ქმნიდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0