კორონავირუსზე ასაცრელთა ასაკობრივი ჯგუფი გაფართოვდა

31/03/2021

კორონავირუსზე ასაცრელთა ასაკობრივი ჯგუფი გაფართოვდა. იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, 55 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეები, დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები ვაქცინაციის პროცესში 5 აპრილიდან ჩაერთვებიან.
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აღნიშნული ჯგუფები მაღალი რისკის მატარებლები არიან.

„ვაქცინაციის საბჭომ მიიღო დამატებითი გადაწყვეტილება, რომ ვაქცინაციის პროცესში 55 წლის ზემოთ მოქალაქეები ჩაერთვებიან. ჩვენ დავაკვირდით, თუ რამდენად დიდია ინტერესი მოქალაქეებში, რომლებიც არიან 65 წელს ზევით. იყო საკმაოდ დიდი მოთხოვნა სწორედ იმ ჯგუფს შორის, რომელიც 55-დან 65 წელს მოიცავდა. ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება დიალიზზე მყოფ პაციენტებთან დაკავშირებით. მათთვის ხელმისაწვდომი გახდება ვაქცინა. სწორედ ეს ჯგუფი არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკის მატარებელი, რომელიც ჩართულია სოციალურ აქტივობაში და მათთვისაც ასევე გაიხსნება ფანჯრები. ისინი მიმაგრებული არიან კონკრეტულ სამედიცინო დაწესებულებაში. მათი აცრა სწორედ იმ კლინიკაში მოხდება, სადაც გადიან დიალიზის თერაპიას. ასევე მნიშვნელოვან ჯგუფად ჩავთვალეთ ადამიანები, რომელებიც არიან ორგანოგადანერგილები და შესაბამისად, ისინიც იქნებიან ჩართული ვაქცინაციის პროცესში.” -ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ასევე, იქმნება სათადარიგო სიები, რათა ვაქცინის დოზები არ დაიკარგოს. ვაქცინის იმ დოზებით, რომლის დაკარგვის რისკიც არსებობს, პოლიციელები და ჯარისკაცები აიცრებიან.

„იმისთვის, რომ დანაკარგი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, მივიღეთ გადაწყვეტილება, პოლიცია და ჯარი ჩაერთოს პროცესში და შეიქმნას სათადარიგო სიები. ეს ადამიანები ვაქცინაციის პროცესში 5 აპრილიდან ჩაერთვებიან.” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ამ დროისთვის ქვეყანაში ვაქცინაცია 6 757 ადამიანს ჩაუტარდა.14 აპრილამდე კი 14 224 აცრაა დაჯავშნილი.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0