„ჩვენი შეკრების მიზანი ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის საკითხთან დაკავშირებით მსჯელობაა. შეიძლება ვინმე ფიქრობს არის თუ არა ეს აქტუალური საკითხი, მართლა გვჭირდება თუ არა ამ საკითხების დარეგულირება. მაგრამ ცხოვრება, განსაკუთრებით კონკრეტული იდეოლოგია იცვლება და ბოლო წლებში საზღვარგარეთის ქვეყნებში მომძლავრებულია იდეოლოგია, რომელიც ბუნებრიობას, ქალად დაბადებას ან კაცად დაბადებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ეს არის მძლავრი იდეოლოგია და ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ“, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ბორჯომში, სადაც „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართა.
ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ოჯახური ღირებულებები ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებულად არის დაცული. ამას ამყარებს სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის არსებული კონსტიტუციური შეთანხმება.
„ეს ის შემთხვევაა, როდესაც მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ჩვენს ხალხს, ჩვენს საზოგადოებას ამ საკითხებზე უნდა ვესაუბროთ, იმიტომ, რომ ბოლო წლებია განსაკუთრებით, საქართველოში აქტიურად ფინანსდება ლგბტ პროპაგანდის საკითხები კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით. პირდაპირ იყო საქართველოს პარლამენტში მოწოდება და მოთხოვნაც, საკანონმდებლო დონეზე ისეთი რეგულაციები შეგვეტანა, რომელიც კონკრეტულ ორგანიზაციებს თუ მათთან აფილირებულ პირებს მისცემდა შესაძლებლობას ბაღებსა და სკოლებში ბავშვებისთვის ესწავლებინათ, რას ნიშნავს ერთნაირსქესიანთა ცხოვრება, რას ნიშნავს მათ მიერ შვილად აყვანა და ასე შემდეგ. ჩვენ ამ საკითხზე გვქონდა კატეგორიული პოზიცია, რომ საქართველოს ხელისუფლება საკანონმდებლო დონეზე ასეთ ჩანაწერს არ გააკეთებდა. ამიტომ ეს საკითხი, რაზეც ჩვენ კულისებს მიღმა გვქონდა საკმაოდ მკაფიო პოზიცია და საუბარი თქვენ უნდა გაგიზიაროთ და თქვენ ამის შესახებ უნდა იცოდეთ“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, ეს არის ერთი ჯაჭვი და როგორც კი სახელმწიფო დააკანონებს ერთნაირსქესიან წყვილთა შორის ქორწინებას, ამის შემდგომ სახელმწიფოს გაუჩნდება ვალდებულება, რომ მათ მისცეს შვილის აყვანის უფლება, გაჩნდება ვალდებულება, რომ გაიცეს შესაბამისი დოკუმენტები სახელმწიფოს მიერ, ადგილობრივი თვითმმართველობის თუ ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან, სადაც გაჩნდება ჩანაწერი – „მშობელი 1“ და „მშობელი 2“ .
„ამას ასევე ჯაჭვური რეაქციით მოჰყვება, რომ უნდა შევიდეს სწავლება ბაღებსა და სკოლებში და ბავშვებს უნდა აუხსნან რას ნიშნავს ერთნაირსქესიანთა შორის ცხოვრება, რას ნიშნავს მათი გაგებით ოჯახი, რომ ადამიანი შეიძლება გაჩნდეს კაცად ან ქალად, მაგრამ ეს ბუნებრიობა არაფერია, ეს არის თვითაღქმაზე დამოკიდებული. ჩვენ ეს ეტაპი გადავლახეთ, ჩვენი პოზიცია იყო, რომ ამ ჩანაწერს სახელმწიფო დოკუმენტში არ დავუშვებდით“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მან ხაზგასმით განაცხადა, რომ არავინ ცდილობს შეაფასოს ვინმეს ცხოვრების წესი, ყველას ცხოვრება, განსხვავებული წესის მიუხედავად, უნდა იყოს დაცული. სახელმწიფო ზრუნავს და იზრუნებს იმაზეც, რომ ნებისმიერი დისკრიმინაცია ნებისმიერი ფორმით იყოს დაუშვებელი.
„წარმოდგენილი რეგულაციები, ვფიქრობთ, სრულად და ადეკვატურად პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ჩვენ შეიძლება სამომავლოდ კიდევ უფრო მკაფიოდ დავდგეთ. აქედან გამომდინარე, საჭიროა მყისიერი რეაგირება ამ საკითხზე. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს მოუწია ამის თქმა, რომ ქალი – ქალია და კაცი – კაცი, არავითარი სხვა აზრი ამასთან დაკავშირებით არ შეიძლება არსებობდეს. ესეც მეტყველებს იმაზე, რომ ბოლო წლებში, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მხრიდან ამის დაფიქსირება რამხელა პრობლემატურ საკითხთან იყო დაკავშირებული“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.