საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრებმა მეორე შეხვედრა ამბროლაურში, რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის მოსახლეობასთან გამართეს.მშეკრებილ საზოგადოებას მიესალმა და დღევანდელი დღესასაწაული – გიორგობა მიულოცა კომისიის თავმჯდომარემ, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და მადლობა გადაუხადა მათ იმ უმნიშვნელოვანეს პროცესში მონაწილეობისათვის, რასაც ქვეყნის უპირველესი კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა წარმოადგენს.
„გილოცავთ პირველ რიგში გიორგობას – ამ ბრწყინვალე დღესასწაუკლს. გიორგობის მადლი შეგეწიოთ თქვენ, თქვენ ოჯახებს, გიორგობის მადლი ფარავდეს ჩვენ ქვეყანას. დიდ მადლობას მოგახსენებთ, რომ ამ დღეს, გიორგობას, ჩამობრძანდით, ჩვენ ერთად უნდა ვისაუბროთ ჩვენს ძირითად კანონზე, საქართველოს კონსტიტუციაზე. კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს – რაჭველებს, ლეჩხუმელებს, სვანებს. ძალიან დიდი სიხარულია თქვენთან შეხვედრა, ჩემთვის განსაკუთრებით, ვინაიდან ამ კუთხის შვილი ვარ მეც. მეც ამბროლაურიდან ვარ და მიხარია, რომ თქვენთან გვექნება საუბარი ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციაზე“, – მიმართა შეკრებილთ პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ ადგილობრივ მოსახლეობას, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ ოთხი თვის განმავლობაში გაწეული სამუშაო გააცნო. მისი განცხადებით კომისიამ კონსტიტუციის პრაქტიკულად ახალი ვერსია შეიმუშავა, რომელიც სრულიად ახლებურად მოაწესრიგებს ქვეყანაში მმართველობის სისტემა და რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურ და დემოკრატიულ განვითარებას.
პარლამენტის თავმჯდომარემ მოქმედი კონსტიტუციით განსაზღვრული მმართლების სისტემაზე საუბრისას, აღნიშნა, რომ უცხოელი ექსპერტები ჯერ კიდევ 2010 წელს საუბრობდნენ, რომ მართალია საქართველო გადავიდა საპარლამენტო მმართველობაზე, მაგრამ იგი დახვეწას საჭიროებს. „ამგვარად, ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რომ საქართველოში ჩამოყალიბდეს დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის სისტემა. გარდა ამისა, არის ფუნდამენტური ხარვეზები, რომლებიც ეწინააღმდეგება ხელისუფლების დანაწილების პრინციპს, სხვა ფუნდამენტურ პრინციპებს და ესეც არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იმ ცვლილებების, რომლებიც ხორციელდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, მოქმედ კონსტიტუციაში არის უამრავი ტექნიკური ხასიათის ხარვეზი, რედაქციული უზუსტობანი და ყოველივე ამის გათვალისწინებით შემუშავდა საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი, რომელმაც უნდა გაუძლოს დროს და წლების განმავლობაში უნდა უზრუნველყოს ქვეყნის სტაბილური განვითარება. ამასთან ერთად, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ შეიმუშავა და ფაქტობრივად თავიდან დაიწერა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტიც.
ირაკლი კობახიძემ მოკლედ გააცნო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ შექმნილი დოკუმენტი თავების მიხედვით და უმთავრეს პრინციპებზე გაამახვილა ყურადღება. მისი ინფორმაციით, საკამოდ მოცულობითი სამუშაო შესრულდა, ცვლილებები შეეხო თითქმის ყველა მუხლს.
„პირველ თავში ძალიან მყარად არის განმტკიცებული ჩვენი კონსტიტუციის მთავარი ფუძემდებლური პრინციპები – დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს, სოციალური სახელმწიფოს და ეკონომიკური თავისუფლების პრინციპები. თითოეულ მათგანს ეთმობა ცალკე მუხლი და კონკრეტული გარანტიებია შექმნილი იმისათვის, რომ ძალიან მყარად იყოს შექმნილი თითოეული ამ პრინციპის რეალიზაცია“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
კონსტიტუციის მეორე თავზე საუბრისას, რომელიც ადამიანის უფლებებს ეხება, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მთავარი ამოცანა იყო რაც შეიძლება მაღალი სტანდარტებით მომხდარიყო ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიების ჩადება კონსტიტუციაში და წარმოდგენილი პროექტი იმის გარანტიაა, რომ ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი საქართველოში კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდება. „ძალიან ბევრი ცვლილებები შედის მეორე თავში და ამოცანა ამ ცვლილებების არის ის, რომ ადამიანების უფლებების დაცვის სტანდარტი კიდევ უფრო გაუმჯობესდეს ჩვენს ქვეყანაში და ეს ცვლილებებიც ამას ემსახურება“.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი ცვლილები ეხება ადგილობრივ თვითმმართველობას. მან ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით ბევრი ნაბიჯი გასულ წლებში უკვე გადაიდგა, თუმცა ამ რგოლის კიდევ უფრო გაუმჯობესება მნიშვნელოვანია, ვინაიდან „ეს ზუსტად ხელისუფლების ის რგოლია, რომელსაც ყველაზე მეტი შეხება აქვს ადგილებზე ხალხთან და რომელსაც ყველაზე მეტად უწევს ხალხზე ზრუნვა“.
ირაკლი კობახიძემ დამსწრეთ გააცნო კონსტიტუციურ ორგანოებს შორის ხელისუფლების გადანაწილებისა და მმართლების პრინციპები. მან დეტალურად ისაუბრა იმ ცვლილებათა ძირითად არსზე, რომლის მიხედვით უნდა შეიქმნას ძლიერი პარლამენტი, ქმედითი მთავრობა, დამოუკიდებელი სასამართლო და ზეპარტიული პრეზიდენტი. მისი განცხადებით, სწორედ ზეპარტიული პრეზიდენტი, ძლიერი პარლამენტი, ქმედითი მთავრობა და დამოუკიდებელი სასამართლო არის კონსტიტუციური სისტემის ძირითადი არსი.
როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ცვლილებების მიხედვით პარლამენტის როლი გაძლიერდება. იზრდება პარლამენტის წინაშე მთავრობის ანგარიშვალდებულების და პასუხისმგებლობის ხარისხი. ძლიერდება ოპოზიციის როლი პარლამენტის შიგნით.
მან ყურადღება გაამახვილა საპარლამენტო არჩევნების საკითხზე და იმ მიზეზებზე ისაუბრა, რაც გახდა საფუძველი პარლამენტის არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლისა. ირაკლი კობახიძემ ბლოკების გაუქმების აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ თუ ეს სისტემა დარჩება არჩევნების დროს, საქართველოში პარტიული სისტემა არასოდეს ჩამოყალიბდება, ვინაიდან ბლოკები ხელს უწყობენ პარტიების მერკანტილურ გარიგებებში შესვლას.
პარლამენტის თავმჯდომარემ მთავრობის ქმედით როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობა არის და რჩება იმ კონსტიტუციურ ორგანოდ, რომელიც ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის განხორციელებას უზრუნველყოფს. მისი თქმით, წარმოდგენილი ცვლილებები მთავრობის ქმედით ორგანოდ ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ კონსტიტუციური პროექტის ახალ რედაქციაში სასამართლო სისტემის მიმართ უამრავი ნორმაა ჩადებული, რომელიც სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას განაპირობებს. მისი თქმით, მკვიდრდება მოსამართლეთა შეუცვლელობის პრინციპი, რაც ერთ-ერთი ფუნდამენტური გარანტიაა. ახალ რედაქციაში პირდაპირ აღინიშნება, რომ სასამართლოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია არ შეიძლება გახდეს მოსამართლის გათავისუფლების საფუძველი.
პარლამენტის თავმჯდომარემ ვრცლად ისაუბრა პრეზიდენტის უფლებამოსილებაზე, სტატუსსა და არჩევის წესზე. „დღევანდელი კონსტიტუციით, საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს მეთაური, არის უმაღლესი მთავარსარდალი და იგი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში. ეს არის პრეზიდენტის სტატუსის სამი ძირითადი ნიშანი და ეს სამივე ძალაში რჩება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მან პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესიც განმარტა და აღნიშნა, რომ ძალიან ბევრ საპარლამენტო სისტემის ქვეყნებში პრეზიდენტის არჩევა სწორედ არაპირდაპირი წესით ხდება. მისივე განმარტებით, ერთ-ერთი მთავარი პრაქტიკული პრობლემა ისაა, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტი არ მართავს ქვეყანას. იმ სისტემაში, რაც დღეს არის ჩამოყალიბებული, პრეზიდენტმა უნდა ჩაატაროს წინასაარჩევნო კამპანია და იგი რომელიმე პარტიასთან ასოცირდება არჩევნებზე, კონსტიტუციის ახალი მოდელით კი პრეზიდენტი ზეპარტიული უნდა იყოს. საერთაშორისო ევროპული პრაქტიკაც საპარლამენტო მმართველობის დროს მიზანშეწონილად არ მიიჩნევს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტის სტატუსი არ იზღუდება. მინიმალური ცვლილება შეეხება კომპეტენციებს – ესაა ეროვნული უშიშროების საბჭო (იგი უქმდება) და უზენაესი სასამართლოს წევრის წარდგენა. ეს ცვლილებები, ირაკლი კობახიძის განმარტებით, ეფუძნება ვენეციის კომისიის დასკვნებს, რომლებიც ჯერ კიდევ 2010 წელს დაიდო.
კონსტიტუციური კანონის პროექტის წარდგენის შემდეგ, შეკრებილთ კომისიის წევრებმა მიმართეს, რის შემდეგაც განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.