კონსტიტუცია შემუშავდა სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპზე დაყრდნობით და ახლა დისკუსია წარიმართება

21/02/2019

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე 21-22 თებერვლის პლენარული სხდომების დღის წესრიგის საკითხები განსაზღვრეს. პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს წევრებს კენჭსაყრელი და განსახილველი საკითხების რიგითობა გააცნო. აღინიშნა, რომ პლენარულ სხდომებზე კანონმდებლები პარლამენტის დადგენილების პროექტებს და კანონპროექტებს განიხილავენ. მათ შორის, დეპუტატები „საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის – მეურვეობის კანდიდატის შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ პარლამენტის დადგენილების პროექტს და რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში 2024 წლის 31 დეკემბრამდე მოსამართლეების უვადოდ გამწესების შეჩერების საკითხზე ცხრა დეპუტატის მიერ მომზადებულ ორგანული კანონის პროექტს და ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების“ მიერ მომზადებულ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტს პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, განიხილავენ. სხდომაზე ბიუროს წევრები საორგანიზაციო საკითხებსაც გაეცნენ, რომლებიც კომიტეტების მიერ 2019 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცებას შეეხებოდა. ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირმა ინაშვილმა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ მიერ მომზადებული „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე ისაუბრა, რომლემაც პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენისას მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.

„პროექტით მნიშვნელოვანი ცვლილება იყო შემოთავაზებული, რასაც როგორც ჩანს უფრთხის უმრავლესობა. ძალიან სამწუხაროა, რომ პირველივე მოსმენაზე უმრავლესობამ ჩააგდეთ აღნიშნული კანონპროექტი. ამით იმის თქმა მინდა, რომ არანაირად არ გაინტერესებთ მეორე მოსმენამდე, მუხლობრივ განხილვამდე მაინც მივიდეს კანონპროექტი. შესაბამისად, საერთოდ არ გაინტერესებთ, ჩვენი როგორც ოპოზიციური ფრაქციის წარმომადგენლების ცვლილებები ან ინიციატივები ან ჩვენ მიერ დაყენებული საკითხები. ამიტომ მიმაჩნია, რომ პარლამენტის მენეჯმენტი ვიწრო ინტერესებზეა აგებული და ძალიან ცუდია ასე არათანამშრომლობის პრაქტიკის დამკვიდრება“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა. მანვე პარლამენტის თავმჯდომარეს თანამშრომლობისკენ, მეტი გახსნილობისკენ და მენეჯმენტის მიდგომების შეცვლისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ვიცესპიკერმა იმპიჩმენტის საკითხის დაყენების შესაძლებლობა არ გამორიცხა.

ირმა ინაშვილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი გუნდი ნებისმიერ საკითხზე გადაწყვეტილებას უმრავლესობის ფორმატში იღებს და ეს ეხება მაუწყებლობისა და სასამართლოსთან დაკავშირებულ კანონებსაც. მისივე განმარტებით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით, უმრავლესობის პოზიცია კონკრეტულ არგუმენტებზე დაყრდნობით შემუშავდა.

„პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ უმძიმესი შედეგები ექნებოდა ამ კანონის მიღებას და მზად ვარ, რომ ამაზე დამატებით ვისაუბროთ, ისევე, როგორც ნებისმიერ საკითხზე, რომელიც არის პარლამენტის დღის წესრიგში. აქ მთავარია, მნიშვნელოვანია კონსულტაციები ნებისმიერ პარტიასთან, რომელიც პარლამენტის შიგნით არის წარმოდგენილი. მზად ვართ ასეთი კონსულტაციებისთვის, იქნება ეს მაუწყებლობა, რეზოლუცია თუ ნებისმიერი სხვა საკითხი, რომელიც შედის დღის წესრიგში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე ბიუროს სხდომაზე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტი კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებს ტექსტობრივად ეწინააღმდეგება და ცალსახა განცხადება პოლიტსაბჭოს მხრიდან ამიტომ გავრცელდა.

„კონსტიტუცია შემუშავდა სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპზე დაყრდნობით და ახლა დისკუსია წარიმართება იმასთან დაკავშირებით, იმსახურებს თუ არა დღევანდელი სასამართლო დამოუკიდებლობას. ბუნებრივია, კონსტიტუცია ამ პრინციპზე ვერ აიგება. კონსტიტუციაში უნდა აისახოს სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპი და შესაბამისი გარანტიები. ამ სულისკვეთებით დაიწერა კონსტიტუცია, ევროსაბჭოს და ვენეციის კომისიის ჩართულობით. მთელი ბრძოლა დაგვჭირდა იმისთვის, რომ პარლამენტის ჩართულობა ყოფილიყო უზრუნველყოფილი, მაგალითად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევაში და იქაც კრიტიკული შენიშვნა დაგვიწერა, საბოლოოდ მაინც, ვენეციის კომისიამ. ასევე, გარდამავალ დებულებებში რომ ჩავწერეთ სამწლიანი ე.წ გამოსაცდელი ვადა, ამაზეც მთელი ბრძოლა და ახსნა-განმარტება დაგვჭირდა. ანუ, სადაც კი ვეხებოდით დროებითი რეგულაციებით თუ არა დროებითი რეგულაციებით სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს, ყველგან ჰქონდა კრიტიკული შენიშვნები ვენეციის კომისიას. თუმცა, ნაწილობრივ არ გავიზიარეთ და ჩავწერეთ ის, რაც ჩავწერეთ კონსტიტუციაში, მაგრამ არსებული კონსტიტუცია ზოგადად არის აგებული სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპზე. თუ ვიღაც ფიქრობს, რომ დღევანდელი სასამართლო დამოუკიდებლობას არ იმსახურებს, ამაზე, შეიძლება მსჯელობა, მაგრამ კონსტიტუციაში ვერ ჩაიწერება ისეთი დებულებები, რომლებიც არ ეფუძნება სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს. ეს არის ზოგადი ლოგიკა, რომელიც საფუძვლად უდევს კონსტიტუციას და ამის საფუძველზე მისაღებ გადაწყვეტილებებს. და რაც შეეხება კონკრეტულ ინიციატივას, რომელიც არის წარმოდგენილი, პირდაპირ, ტექსტობრივად ეწინააღმდეგება კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებს. მარტივ წინააღმდეგობაზეა აქ საუბარი და ამიტომ გავრცელდა ცალსახა განცხადება პოლიტსაბჭოს მხრიდან“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ „თი ბი სი“ ბანკის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და ეროვნული ბანკის წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო დავის შეწყვეტის ფაქტი შეაფასა. „გუშინ ლონდონში „თი ბი სი“ ბანკის მნიშვნელოვანმა აქციონერებმა, მსოფლიოში ცნობილმა უდიდესი კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი სასამართლო დავას წყვეტენ „თი ბი სი“ ბანკთან დაკავშირებით და გამოაქვთ სარჩელი. ეს არის პირდაპირი ვერდიქტი საქართველოს სასამართლო სისტემისადმი, რომ არავითარი აზრი საქართველოში სასამართლოში განხილვას არ აქვს, რადგან სასამართლო უკვე შედგა შუშის სასახლეში და ქურდული გარჩევის დროს მამუკა ხაზარაძე 100:0 დამარცხდა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ. ოპოზიციონერი დეპუტატი „თი ბი სი“ ბანკის საკითხზე პარლამენტში მამუკა ხაზარაძის მოწვევის ფაქტსაც შეეხო და კოლეგებს სამშაბათს, 26 თებერვალს გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დასწრებისკენ მოუწოდა.

რომან გოცირიძის განცხადებას და ხელისუფლების მიმართ გამოთქმულ კრიტიკას, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ უპასუხა.

„ემოციურ განცხადებას ასევე გარკვეული ემოციით უნდა ვუპასუხო, რადგან ამას საზოგადოება უსმენს. ეს არ არის მხოლოდ ემოცია, ეს არის კომპეტენტური ადამიანის არაკომპეტენტური გამოსვლა განგებ, იმ განზრახვით, რომ შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება. ჯიმ მორგანის ხსენება იმ კონტექსტში, რომ შეეშინდა რაღაც ქურდული გარჩევის, არის არაკომპეტენტური განცხადება და ვფიქრობ, არაეთიკურიც. მეორე საკითხი არის ის, რომ სასამართლოდან სარჩელი გამოაქვს, რადგან ზუსტად იცის რაც მოხდა, ხოლო მესამე არის ის, რომ თავად მამუკა ხაზარაძეც არ უარყოფს ამ თემას, პირიქით ამბობს, რომ არ იცოდა. ფაქტი არის იმდენად ნათელი და თვალსაჩინო, რომ ამაზე კამათი არ შეიძლება. საკითხის ასე შებრუნება თუ შეიძლებოდა, რომ თურმე აქციონერთა საბჭოს შეეშინდა და საქართველოს სასამართლოდან გამოიტანა საჩივარი არა იმიტომ რომ ხედავს, რომ რაღაცა არ არის წესრიგში, არამედ იმიტომ რომ შუშის სასახლეშია საქმე, ძალიან გთხოვთ დაანებეთ ამას თავი. ქურდული გარჩევაც თქვენს მხარეს მოიკითხეთ, სადისტობაც, არაკომპეტენტურობაც და თავს გასულობაც. მითუმეტეს, არ შეიძლება ასე ყველაფრის ჩამოკიდება იმაზე, რასაც თქვენი პოლიტიკური ინტერესი ჰქვია. არსებობს სახელმწიფო ინტერესიც და ხანდახან ამაზე უფრო სერიოზულად დაფიქრდეთ“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ ეროვნული ბანკის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ კომენტარი გააკეთა.

„საქართველოს ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი სტრუქტურა და მისი დამოუკიდებლობა გარანტირებულია კონსტიტუციით და ამ დამოუკიდებლობას ჩვენ ვუფრთხილდებით, განსაკუთრებით პარლამენტი. იყო მოწოდება, რომ თიბისი ბანკის მიმართ იყო გაკეთებული განცხადება, რომ „თი ბი სი“-იმ ეროვნულ ბანკთან ერთად სამართლებრივ ჩარჩოებში უნდა მოაგვაროს ის პრობლემა, რაც არსებობდა. ეს არის უმნიშვნელოვანესი და სწორი. ბანკის ინტერესებიდან გამომდინარე ის გადაწყვეტილება, რაც მიიღეს აქციონერებმა, ვფიქრობ რომ არის სწორი. ბანკის აქციონერებს ვერავინ ვერ უკარნახებს გადაწყვეტილების მიღებას, მითუმეტს რომ იქ არის უმსხვილესი საფინანსო ინსტიტუტები. ამ გადაწყვეტილებას ყველამ პატივი უნდა სცეს. და მეორე, „თი ბი სი“ ბანკმა და ეროვნულმა ბანკმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომ კონფლიქტი ამოწურულია და „თი ბი სი“ ბანკმა უნდა გადაიხადოს ჯარიმა და ეს თემა არის დახურული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0