კონსტიტუციაში ჩავწეროთ, რომ კაცმა ბებია არ უნდა ცემოს

18/03/2016

კონსტიტუციაში ჩავწეროთ, რომ კაცმა ბებია არ უნდა ცემოს, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა გააკეთა.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა სახელისუფლებო უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მომზადების გამო გააკრიტიკა და როგორც განმარტა, ისედაც ყველასთვის ცხადია და არავინ ეჭვის ქვეშ არ აყენებს იმას, რომ ქორწინება ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია.

წიკლაური მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკონსტიტუციო ინიციატივის წარდგენით “ქართული ოცნება” საკუთარი კრახის და უუნარობის გადაფარვას ცდილობს.

“არის თუ არა ამ დარბაზში ვინმე, ვისაც ეჭვი ეპარება, რომ ქორწინება მართლაც ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი, სოციალური ერთობაა?! ამ დარბაზის მიღმა არსებობენ თუ არა ისეთი მოქალაქეები, რომლებიც ამას ეჭვქვეშ აყენებენ?! თვით უმრავლესობის წარმომადგენელმაც კი ბრძანა, რომ 99% და კიდევ მეტი არის გამზიარებელი იმისა, რაზეც ვსაუბრობთ. მაშ, რატომ დადგა საკითხი დღის წესრიგში?! ჩემდა სამწუხაროდ, ამის ერთადერთი მოტივი ძალიან მდაბიო პოლიტიკური მოტივია – მე მაინტერესებს, როგორ დაკნინდა, როგორ დადგა დაცემის გზაზე საქართველოს პარლამენტი, რომ ყველა ჩვენი მოქალაქისათვის ამ სრულიად ცხად საკითხს პოლიტიკური, საზოგადოებრივი აჟიოტაჟის საგნად ხდის”, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

დეპუტატის შეფასებით, ქორწინების თემაზე პედალირება თუკი რაიმეს უსვამს ხაზს, არის ის, რომ “მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ საკუთარი პოლიტიკური კრახი აღიარა”. ნუგზარ წიკლაურის გამოსვლას უმრავლესობასა და უმცირესობას შორის დაპირისპირება მოყვა.

პარლამენტმა კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების საყოველთაო-საჯარო განხილვის მიზნით საორგანიზაციო კომისია შექმნა. შესაბამისი დადგენილების პროექტი 81 ხმით მიიღეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0