კონკურსი ,,ჩვენ ვირჩევთ ევროპას” დასრულდა

25/05/2016

სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის ბიუროს მიერ გამოცხადებული ესსეების კონკურსი ,,ჩვენ ვირჩევთ ევროპას” დასრულდა. დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში , კონკურსის ორგანიზატორმა მარი ლიპარტელიანმა,გამარჯვებული სამეული დაასახელა და პრიზებით დააჯილდოვა. პირველ ადგილზე N3 საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი ყაველაშვილი გავიდა, რომელსაც საჩუქრად მობილური ტელეფონი ერგო. მეორე და მესამე ადგილები წმ. იოანე ბოლნელის სახელობის საპატრიარქოს სკოლის მოსწავლემ ანი დადვანმა და სოფელ რატევნის საჯარო სკოლის მოსწავლემ მარიამ გორდაძემ გაინაწილეს. საინფორმაციო ცენტრისგან მათ საჩუქრად წიგნები მიიღეს.გარდა ამისა, ყველა მონაწილეს სერთიფიკატი გადაეცა.
კონკურისის მხარდამჭერი გაზეთი ,,ბოლნისია”. გამოვლენილი საუკეთესო ნაშრომები გაზეთში დაიბეჭდება.
,,ევროპის დღეები” სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო ცენტრის
ორგანიზებით საქართველოში 8 მაისს დაიწყო და დღეს დასრულდა.ქვემო ქართლის მასშტაბით სხვადასხვა აქტივობა გაიმართა, ბოლნისის მუნიციპალიტეტში კი ესსეების კონკურსი იყო გამოცხადებული.
კონკურსში მონაწილეობა მიიღეს როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლების მოსწავლეებმა.
დაჯილოდოების ცერემონიას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი მეშველიანი და ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ია სვანიძე ესწრებოდნენ. მათ მოსწავლეები შეაქეს და მომავალი წარმატებები უსურვეს.
,,ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია მსგავს კონკურსებში ახალგაზრდების მონაწილეობა, ვინაიდან მათ მოუწევთ ინტენსიური ურთიერთობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან.თქვენ მოგეხსენებათ, რომ უახლოეს მომავალში საქართველო მიიღებს ვიზალიბერალიზაციას, რაც მათ მისცემს საშუალებას უვიზოდ გადაადგილდნენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ვფიქრობ მათი დამოკიდებულება პირველ რიგში ყალიბდება მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობით იმდენად, რამდენადაც ეს აძლევთ მათ საშუალებას უფრო მეტი წყაროდან მიიღონ ინფორმაცია და ჰქონდეთ ჩამოყალიბებული ხედვა ევროკავშირის შესახებ”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0