კონკურსი „სუფთა რეგიონი 2020“ იწყება

05/06/2020

გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს კონკურსი „სუფთა რეგიონი 2020“ გამოცხადდა. კონკურსი საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ინიციატივით და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში უკვე მეხუთედ ტარდება. კონკურსის მიზანია, მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე „სუფთა რეგიონი“, „სუფთა მუნიციპალიტეტი“, „სუფთა ქალაქი/დაბა“, „სუფთა სოფელი/თემი“, „სუფთა/ლამაზი ქუჩა“, „სუფთა/ლამაზი ეზო“, „სუფთა ლამაზი საწარმოს/დაწესებულების ეზო“ და „ლამაზი აივანი“ გამოავლინოს.

„ყველას ვულოცავ გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს. გარემოს დაცვასა და გარემოზე ზრუნვაში ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ უნდა მივიღოთ მონაწილეობა. დღეს გამოცხადდა მნიშვნელოვანი კონკურსი „სუფთა რეგიონი“, რომელიც ერთგვარ ტრადიციად იქცა. სულ უფრო მეტი ადამიანი ერთვება ამ კონკურში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვისურვებდი, რომ ქვეყანაში ასეთი აქტივობები კიდევ უფრო ბევრი იყოს“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა.

ორგანიზაციის „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო“ თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ, ღონისძიების მონაწილეებს გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ გარემოს სისუფთავე არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რითაც შესაძლებელია ახალი კორონავირუსის დაძლევა.

„დღეს, „დავიცვათ საქართველოს სისუფთავის“ პროექტის ფარგლებში, ცხადდება რიგით მეხუთე კონკურსი „სუფთა რეგიონი“, რომელიც 2021 წლის იანვარში შეჯამდება. ვთხოვთ ყველა მუნიციპალიტეტს და მოქალაქეს, მონაწილეობა მიიღოს კონკურში“, – განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

აღსანიშნავია, რომ პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში დაწესებული კონკურსი „სუფთა რეგიონი“ ქვეყნის მასშტაბით სტიქიური ნაგავსაყრელების რიცხვს ამცირებს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში. პროექტს „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციები „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT), საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველო“, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0