პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილს მოუსმინეს, რომელიც პარლამენტის წინაშე ინტერპელაციის წესით წარდგა.
მინისტრმა პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატების კითხვებს უპასუხა, რომელთა ძირითადი ნაწილი საზოგადოებრივ სამუშაოებზე სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამას შეეხებოდა. პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა მინისტრისთვის გაგზავნილი შეკითხვების შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა.
„მიგვაჩნია, რომ ის მიზნები, რომელიც გაცხადებულია საქართველოს მთავრობის 2022 წლის 17 თებერვალს დამტკიცებულ დადგენილებაში საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ქვეპროგრამის შესახებ, არის რელევანტური, მაგრამ არსებობს კითხვები, რაც მინისტრს დავუსვით და იმედი მაქვს, საზოგადოებას დავარწმუნებთ, რომ ამ ინიციატივის ამ ფორმით განხორციელება არის მიზნის ადეკვატური და არ არის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროგრამის მიზანი კარგია, ეს არის მაგალითი, როგორ შეიძლება ძალიან კარგი მიზნის ცუდად განხორციელება და რომ შევაჯამო, ეს არ არის დასაქმების ეფექტური პოლიტიკა, ეს ძალიან გავს ამომრჩევლის მოსყიდვას“, – აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.
მინისტრმა მიმდინარე წლის მარტში ამოქმედებული პროექტის მიზნების შესახებ ისაუბრა, რომელიც დროებითი სამუშაო ადგილების შექმნას და ხანგრძლივად უმუშევართა ღია შრომის ბაზარზე ინტეგრაციას ითვალისწინებს. დეპუტატების კითხვის პასუხად – ვინ ახორციელებს პროგრამის ბენეფიციართა შერჩევას და ჩართულნი არიან, თუ არა შერჩევის პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, ასევე ახდენენ თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები სარეკომენდაციო ხასიათის სიების შედგენასა და წარდგენას შესაბამის უწყებაში, ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ მსგავსი პრაქტიკა არ არსებობს. მინისტრმა ვრცლად განმარტა, თუ როგორ ხდება დასაქმების მასშტაბურ პროგრამაში სოციალურად დაუცველი პირების ჩართვა.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით პროგრამის მოსარგებლეთა სიას, კრიტერიუმების მიხედვით, სოციალური მომსახურების სააგენტო ადგენს და შემდეგ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს გადასცემს. მისივე თქმით, დასაქმების სააგენტო, სიაში მყოფ სოციალურად დაუცველ შრომისუნარიან პირებთან პროაქტიულად მუშაობს და უწყვეტ რეჟიმში აწვდის ინფორმაციას, საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამის შესახებ.
„კომუნიკაცია ხდება როგორც კარდაკარის პრინციპით, ისე მოკლე ტექსტური შეტყობინებითა და სატელეფონო კავშირით. პირველ რიგში დაკავშირება მოხდა სოციალურად დაუცველ ისეთ ოჯახებთან, სადაც 3, 4, 5 და მეტი შრომისუნარიანი პირი ცხოვრობდა,“ – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
მისი თქმით, პროგრამით დაინტერესებული სოციალურად დაუცველი პირების პირველად შერჩევას დასაქმების კონსულტანტები ახდენენ. ფასდება სოციალურად დაუცველი პირის ცოდნა, უნარები და სამუშაო გამოცდილება. მინისტრმა ასევე განმარტა, რომ შეფასების შედეგად სოციალურად დაუცველი პირები სამ ჯგუფად იყოფა – ესენია: სოციალურად დაუცველები, რომლებსაც აქვთ სამუშაო სტაჟის ხანგრძლივი წყვეტა და შესაბამისად მათი ცოდნა და უნარები ვერ პასუხობს შრომის ბაზრის მოთხოვნებს; სოციალურად დაუცველები, რომლებსაც სურთ ღია შრომის ბაზარზე დასაქმება, მიუხედავად კვალიფიკაციისა; სოციალურად დაუცველები, რომლებიც ეწევიან არაფორმალურ ეკონომიკურ საქმიანობას ან არიან არაფორმალურად დასაქმებულები.
პროფილირების შედეგებიდან გამომდინარე, დასაქმების კონსულტანტები, სოციალურად დაუცველ პირს სთავაზობენ დასაქმებას საზოგადოებრივ სამუშაოებზე, დასაქმებას ღია შრომის ბაზარზე ანუ კერძო სექტორში, მოკლევადიან პროფესიული მომზადება-გადამზადების კურსებში ჩართვას და შემდეგ დასაქმებას ღია შრომის ბაზარზე, საკუთარი არაფორმალური დასაქმების ან არაფორმალური ეკონომიკური საქმიანობის ფორმალიზებას.
„ნებისმიერი ერთი შეთავაზებით სარგებლობის შემთხვევაში, სოციალურად დაუცველი პირის ოჯახი 4 წლის განმავლობაში უწყვეტად ინარჩუნებს სარეიტინგო ქულას, ფულად და არაფულად დახმარებას“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი გამოსვლის შემდეგ, პლენარულ სხდომაზე გაიმართა დებატები, რომელშიც მონაწილეობა პარლამენტის უფრაქციო წევრებმა, პოლიტიკურმა ჯგუფებმა, საპარლამენტო ოპოზიციაში და უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლებმა მიიღეს.