იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, მიმდინარე წლის 4 აპრილს პარლამენტის მიერ „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილა და მხარი არ დაუჭირა. მოტივირებული შენიშვნების თანახმად, „საარჩევნო კოდექსისა“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონის მოქმედი რედაქციები უნდა დარჩეს უცვლელი. მოქმედი ნორმით, 2024 წლის 26 ოქტომბრისა და შემდგომი, 2028 წლამდე ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიული სიების ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც ქალი უნდა იყოს, ხოლო პარლამენტის 2028 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისა და შემდგომი, 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის ქალი უნდა იყოს პარტიული სიის ყოველ სამეულში. ასევე, პარტიულ სიაში საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობის მინიმალური ოდენობა განსაზღვრულია 60-ით.
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონით გათვალისწინებულია ფინანსური წახალისების ინსტრუმენტი – საბიუჯეტო დაფინანსებაზე 30%-იანი დანამატი, რომელიც პარტიებს დამატებით ფინანსურ წახალისებას სთავაზობს სიებში ქალი კანდიდატების შესაბამისი პროპორციით გათვალისწინებისათვის, პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდისა და პარტიებში ქალთა ორგანიზაციების გაძლიერებისათვის. მას შემდეგ, რაც კომიტეტის წევრებმა მხარი არ დაუჭირეს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს, კომიტეტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა კანონების პირვანდელ რედაქციას, რომლის თანახმად, პოლიტიკური პარტიები არ იქნებიან ვალდებულნი თავიანთი საარჩევნო სია დააკომპლექტონ გენდერული კვოტირების მოთხოვნების შესაბამისად. გარდა ამისა, პროექტით პარტიულ სიაში საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობის მინიმალური ოდენობა განისაზღვრება 30-ით, ნაცვლად 60-სა. ასევე, უქმდება ის ფინანსური წახალისების ინსტრუმენტი, რომელიც პარტიებს დამატებით ფინანსურ წახალისებას სთავაზობს სიებში ქალი კანდიდატების შესაბამისი პროპორციით ჩაწერის გამო.
კომიტეტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა კანონების პირვანდელ რედაქციას
29/04/2024