კომიტეტი კომპეტენციის ფარგლებში, მაქსიმალურად დაუჭერს მხარს სამინისტროს ყველა ახალი პროექტის განხორციელებაში

06/07/2020

აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია უძღვებოდა, ერთი სარატიფიკაციო დოკუმენტი განიხილეს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ორი უწყების საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „2014 წლის 21 ნოემბრის „საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას (IDA) შორის დაფინანსების ხელშეკრულების (ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტი)“ ცვლილება“ გამოიტანა და კანონმდებლებს მოკლე ინფორმაცია მიაწოდა ამ საკითხთან დაკავშირებით. საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას (IDA) შორის „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის“ 2014 წლის დაფინანსების ხელშეკრულებით, დაახლოებით 50 მლნ აშშ დოლარი გამოიყო პროექტის დაფინანსებისათვის, რომელსაც ორი ძირითადი კომპონენტი აქვს: ირიგაციისა და დრენაჟის სისტემების გაუმჯობესება; მიწის ბაზრის განვითარება.
ირიგაციისა და დრენაჟის სისტემების გაუმჯობესების კომპონენტი მოიცავს ქვემო სამგორის, ტბისი-კუმისის და ზედა რუს საირიგაციო არხების რეაბილიტაციას. ეს საქმიანობა ფაქტობრივად დასრულებულია ახლა კი მიმდინარეობს ამ სამი არხის შიდა ქსელების რეაბილიტაცია. რაც შეეხება მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტს, იგი ითვალისწინებს 12 საპილოტე არეალზე მიწის სისტემური რეგისტრაციის განხორციელებას და მიღებული გამოცდილების საფუძველზე, მიწის რეგისტრაციის ეროვნული პროგრამის წესებისა და პროცედურების შემუშავებას. არსებული ინფორმაციით, თორმეტივე საპილოტე არეალში დასრულდა აზომვითი სამუშაოები და მიმდინარეობს რეგისტრაციის პროცესი. ფინანსთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, წარმოდგენილი ცვლილებებით ხდება 18,2 მილიონი ევროს გამოყოფა, საიდანაც 8,5 მლნ გათვლილია რეაბილიტირებული სარწყავი სისტემების შიდა ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის, ხოლო 9,6 მლნ სარწყავი არხების საირიგაციო არეალზე მიწის სისტემური რეგისტრაციის განხორციელებისთვის. მელიორაციის ნაწილში პროექტის განმახორციელებელი იქნება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ხოლო მიწის რეგისტრაციის ნაწილში – იუსტიციის სამინისტრო. სესხის ოდენობა 18,2 მილიონი ევროა, სესხის ხანგრძლივობა 23 წელი, რომელთაგან 16 წელი შეღავათიანია. კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი წარმოდგენილ სარატიფიკაციო დოკუმენტს. ინფორმაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ამავე ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ წარმოადგინა. მოკლედ მიმოიხილა ბოლო წლებში აგრარული მეცნიერების ირგვლივ განვითარებული მოვლენები და ის წინაპირობები, რამაც ქვეყანა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დაარსების აუცილებლობის წინაშე დააყენა. მისი თქმით, ამ ცენტრს ხელეწიფება აგრარული მეურნეობის განვითარება, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა და ყველა იმ მნიშვნელოვან პროექტში მონაწილეობა, რომლებიც ქვეყანაში ხორციელდება აგრარული მიმართულებით. ამ ცენტრის ძირითადი პროგრამა არის ოთხი მიმართულებით: მცენარეთა და ცხოველთა ბიომრავალფეროვნება, გენეტიკური რესურსების შენარჩუნება დაცვა, სანაშენე საქმიანობა; ნიადაგის ნაყოფიერების კვლევა, ამაღლება, დეგრადირებული ნიადაგის განაყოფიერება; სოფლის მეურნეობის პროდუქტის შენახვა-გადამუშავება და ახალი, ინოვაციური ტექნოლოგიების შემუშავება და პრაქტიკაში დანერგვა. მან ისაუბრა ცენტრის სხვადასხვა სამსახურის წინაშე მდგარი ამოცანებისა და მათ მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე. როგორც ცენტრის დირექტორმა აღნიშნა, მას შემდეგ რაც სახელმწიფოს გადაეცა „ქართუს“ მიერ შექმნილი ცნობილი ჯიღაურას სანაშენე მეურნეობა, სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ფარგლებში, ბოლო 5 წლის განმავლობაში მოეწყო ლაბორატორიები: თესლის ხარისხის, დნმ-ის, ფიზიოლოგიის ლაბორატორიები, მეცხოველეობის მიმართულებით დმანისის სასელექციო სადგური, კომპლექსი მეფუტკრეობისათვის სანაშენე საქმიანობისათვის, კრწანისის მეცხოველეობის სანაშენე ფერმა და ა. შ. მისი თქმით, ცენტრის ძირითადი მიმართულება გენეტიკური რესურსების მოძიება, დაცვა და კონსერვაცია წარმოადგენს, რასაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა და მან ისაუბრა ამ მიმართულებით გაწეული საქმიანობის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ ცენტრის სისტემაში შეიქმნა ახალი სამსახური – აგრო სატყეო კულტურების სამსახური. ცენტრის უმთავრესი ფუნქციაა შემუშავებული რეკომენდაციების, დასკვნების, გამოცემული მასალების ფერმერებამდე მიტანა, ასევე სადემონსტრაციო დღეების ჩატარება, ლექციები, ღია კარის დღეები. 4 ათასზე მეტი დასკვნა-რეკომენდაცია აქვს გაცემული ცენტრს შექმნის დღიდან იმ პროექტების ფარგლებში, რომლებსაც სახელმწიფო ახორციელებს, მათ შორის 920 გაცემულია წელს, კოვიდ-19-ის პერიოდში. მომხსენებელმა ისაუბრა საერთაშორისო თანამშრომლობაზეც და მომავალში სოფლის მეურნეობის მეცნიერული უზრუნველყოფის მიზნით უცხოელებთან ერთად განხორციელებულ ერთობლივ კვლევებზე, ასევე სამომავლო გეგმებზე. შემდეგ გაიმართა დისკუსია. ინფორმაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ კომიტეტის სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გელა ხანიშვილმა წარადგინა. მისი თქმით, რეფორმა გასულ წელს დაიწყო და ერთიანი სტრუქტურა – სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო – პროექტების განვითარების სააგენტოს, კოოპერატივების განვითარების სააგენტოს და ექსტენციის სამსახურების ბაზაზე შეიქმნა. მისივე თქმით, ცოტა ხანში სააგენტოს სახელი კიდევ შეეცვლება და იგი სოფლის განვითარების სააგენტოდ ჩამოყალიბდება, რომ მოიცვას ყველა მიმართულება და ყველა სფერო.
გელა ხანიშვილის ინფორმაციით, „ამ ერთმა სააგენტომ შეკრა ყველა ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი იყო და ამავე დროს დაიწყო ის ეტაპი, რაც ეხება ამ სააგენტოს სერტიფიცირებას ევროპულ სტრუქტურებში, რათა საშუალება გვქონდეს, რომ საბოლოო ჯამში მივიღოთ ისეთი სააგენტო, რომელიც არა მარტო ბიუჯეტის ფულზე იმუშავებს, არამედ იმ პროექტებზეც, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იქნება გამოცხადებული და საშუალება გვექნება გრანტების მოგების“. მან ყურადღება დაუთმო ანტიკრიზისულ ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობას და აღნიშნა, რომ შეძლეს სოფლის მეურნეობისთვის ბევრი მიმართულებებით შეექმნათ დამატებითი საშეღავათო გარემო როგორც სააგენტოს პროექტებში, ამავე დროს შეძლეს ერთიანი აგრო პროექტის ფარგლებში მოქმედი პროექტების შენარჩუნება. მომხსენებლის თქმით, ესაა შეღავათიანი აგრო კრედიტი, რაც ფერმერებს საბრუნავ საშუალებებში დამატებით რესურს უჩენს, მას დაემატა ასევე ახალი კომპონენტებიც, მათ შორის, ხორბლისა და ფქვილის წარმოების კუთხით და სხვა. ამ კუთხით სულ 48 ათასი ბენეფიციარია, მიმდინარე წელს გაცემული თანხა 87 მილიონ ლარს აღემატება, მთლიანობაში კი 2 მილიარდ ლარზე მეტია.
მან ისაუბრა აგრო დაზღვევაზე, სადაც მნიშვნელოვანია, რომ ეს სფერო 3 წლამდე აგრო დაზღვევაზე გადავიდა, ჯამში უკვე გაცემულია 112 ათასი პოლისი, ხოლო დაზღვეული ფართობი წელს 15 ათას ჰექტარს შეადგენს, მთლიანობაში კი – 100 ათას ჰექტრამდეა. მომხსენებელმა სამინისტროს მიერ სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე და მათი დაფინანსების საკითხებზე გაამახვილა ყურადღება. კოოპერატივების გაძლიერების თემაზე საუბრისას აღნიშნა, რომ კიდევ უფრო მნიშვნელოვნად იზრდება მეღვინეობის, რძის წარმოების, მეფუტკრეობის მიმართულებები, წარმატებით დაიწყო პროექტები მაღალმთიან და გამყოფ ხაზებთან მდებარე რეგიონებში. ყურადღება დაუთმო ასევე იმ პროექტებს, რომლებიც ამოქმედდა მერძევეობის მიმართულებით, ისაუბრა აგრო წარმოების პროგრამაზე, ტექნიკური დახმარების პროგრამაზე, ხორბლის სუბსიდირების საკითხზე, კენკროვნების პროექტზე, ჩაის სუბსიდირების საკითხზე და სხვა.

„განსაკუთრებით აღსანიშნავია კოვიდის პირობებში გამოჩენილი ძალისხმევა თანამშრომელთა მხრიდან, რომლებიც პრაქტიკულად გაჩერების გარეშე, თავდაუზოგავად მუშაობდნენ, რამაც საბოლოოდ განაპირობა ის, რომ დღეს ქართულ სოფლის მეურნეობაში შეფერხებები პროდუქციის მოყვანაში ჯერჯერობით არ გვაქვს. ჩვენი მხრიდან დასაფინანსებელი და განსახორციელებელი ყველაფერი დაფინანსებულია, განხორციელებულია და არანაირი ჩავარდნა საზოგადოებასთან და ფერმერებთან ურთიერთობაში არ გვაქვს“, – განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, ყურადღება დაეთმო კოოპერატივების გამსხვილების საკითხს, სოფლის მეურნეობის პროდუქტის ექსპორტის კიდევ უფრო განვითარების თემას, სასათბურე მეურნეობების საკითხს, კომპლექსური პროექტების განხორციელების საკითხს, სხვადასხვა მიმართულებით ფერმერების მხარდაჭერის საკითხს, სოფლის მეურნეობაში მექანიზაციის გამოყენების საკითხს და სხვა. მომხსენებლის ინფორმაციით, ამჟამად, სამინისტროს რესურსი მთლიანად მიმართულია იქითკენ, რომ წარმატებით დასრულდეს რთვლის პროგრამა.

„რეალობა ისაა, რომ კიდევ უფრო მეტად გვინდა სოფლის მეურნეობის დაფინანსება. თუმცა თავისთავად ცხადია, რომ ნამდვილად ძალიან დიდი შრომაა გაწეული. ვეცდებით კიდევ უფრო ინტენსიურად გვქონდეს მოსმენები, ვინაიდან დიდია ინტერესი და ეს დღევანდელმა სხდომამაც ცხადყო“, – განაცხადა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ სხდომის დასასრულს.

მან წარმატებები უსურვა სამინისტროს წარმომადგენლებს და აღნიშნა, რომ კომიტეტი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მაქსიმალურად დაუჭერს მხარს ყველა ახალი პროექტის განხორციელებაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0