ევროპასთან ინტეგრაციის და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, განათლებისა და მეცნიერების სფეროში ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების 2021 წლის და 2022 წლის 6 თვის ანგარიშები მოისმინეს.
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პოლიტიკის დოკუმენტებში წარმოდგენილი ძირითადი მიზნები სრულად ეხმიანება მთავრობის პროგრამას ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის და შესაბამისობაშია, როგორც გაერთიანებული ერების მდგრადი განვითარების მიზნებთან, ასევე, ევროკავშირის იმ სტანდარტებთან და პროცედურებთან, რომელიც განათლებისა და მეცნიერების ხარისხის უზრუნველყოფას გვთავაზობს“, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, დოკუმენტის დანართი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით გარკვეულ რეკომენდაციებს ითვალისწინებს. მომხსენებლის განმარტებით, რეკომენდაციებში ყურადღება გამახვილებულია კვალიფიკაციებისა და კომპეტენციების გამჭვირვალობისთვის ერთიანი ჩარჩოს შესახებ; ასევე, უმაღლესი განათლების სფეროში ხარისხის უზრუნველყოფისთვის ევროპული თანამშრომლობის გაძლიერებაზე; მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის საკვანძო კომპეტენციების შესახებ; პროფესიული განათლებისა და ტრენინგისთვის „კრედიტების ევროპული სისტემის“ ჩამოყალიბების შესახებ; პროფესიული განათლებისა და ტრენინგისთვის ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ჩარჩოს ჩამოყალიბების შესახებ.
მთავრობის წარმომადგენელმა ამ რეკომენდაციების საპასუხოდ განხორციელებულ აქტივობებზე ისაუბრა.
„რეკომენდაციები, რომელიც ძირითადად ეხება უმაღლესი განათლების საფეხურს, გვთავაზობს განვითარების გზებსაც, რომელთანაც თავსებადია ჩვენი აქტივობები“, – განაცხადა მომხსენებელმა.
მისი თქმით, ჯერ კიდევ 2018 წლიდან, განათლების ხარისხის განვითარების ყველა ინსტრუმენტი სისრულეშია მოყვანილი და სისტემა აღიარებულია ევროპული სააგენტოსა და შესაბამისი რეესტრით. მომხსენებლის ინფორმაციით, მუშაობა დასრულდა პროფესიულ კვალიფიკაციებზე და რეკომენდაციების შესაბამისად, შემუშავდა 8 საკვანძო კომპეტენციის განმავითარებელი მოდულები. ნუნუ მიცკევიჩის თქმით, განხორციელდა პროფესიული განათლების ახალი სისტემის ფორმირება. დაინერგა ინტეგრირებული პროგრამები, ჩამოყალიბდა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების სისტემა, შეიქმნა არაფორმალური განათლების აღიარების მექანიზმები, შემუშავდა ეროვნული კვალიფიკაციების ახალი ჩარჩო, რომელიც სრულად თავსებადია ევროპულ კვალიფიკაციების ჩარჩოსთან. მისივე ინფორმაციით, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ახალი წესის თანახმად, შესაძლებელი გახდა ერთიანი მიღების ფარგლებში პროფესიულ სტუდენტთა ჩარიცხვა არა მხოლოდ საჯარო, არამედ, ყველა კერძო დაწესებულებაში. ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში არსებული თანამშრომლობის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს პროფესიული განათლების მიმართულებით არსებული თანამშრომლობა, რომლის მიზანია ადამიანური კაპიტალის მომზადება და მორგება სამუშაო ბაზარზე არსებულ საჭიროებებს.
როგორც მთავრობის წარმომადგენელმა აღნიშნა, ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში განათლების მიმართულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, ერთ-ერთი აქტივობაა – სადოქტორო პროგრამების და კვლევის კომპონენტის ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, სტანდარტების და პროცედურების განახლება. მისი თქმით, შემუშავებულია სადოქტორო საფეხურის განათლების ჩარჩო დოკუმენტი რომელიც ადგენს სადოქტორო სწავლების დამატებით, სპეციფიკურ მოთხოვნებს და გამოყენებული იქნება სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის შეფასების დროს. მომხსენებელმა ანგარიშის წარდგენისას, Erasmus+ პროგრამაში საქართველოს აქტიური ჩართულობა აღნიშნა. მისი თქმით, უმაღლესი განათლების კომპონენტში საქართველოს წარმატების ინდექსმა განაპირობა საქართველოს მთავრობის სურვილი – სრული წვდომა ჰქონდეს პროგრამის ყველა სიკეთეზე და შესაბამისად, მოამზადოს ქვეყანა Erasmus+ პროგრამის ასოცირებისთვის. მისივე თქმით, ხელი მოეწერა საქართველოს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალ ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ში ასოცირების საერთაშორისო შეთანხმებას, რომლითაც საქართველოს სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს საზოგადოებას ახალი შესაძლებლობებისკენ გაეხსნა გზა და ისინი ისარგებლებენ ზუსტად იმავე პირობებითა და უფლებებით, რითაც ევროკავშირის ქვეყნების სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლები სარგებლობენ. როგორც მთავრობის წარმომადგენელმა აღნიშნა, განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიული დოკუმენტი სრულ თანხვედრაშია განათლების სფეროში მოქმედ იმ საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტების მოთხოვნებთან, რომელთა განხორციელებაზეც საქართველოს სახელმწიფოს ვალდებულება აქვს აღებული.
„სტრატეგიული დოკუმენტი სრულად თავსებადია ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან, პოლიტიკასთან და სტანდარტებთან“, – განაცხადა მომხსენებელმა.