კომისია 500 დევნილი ოჯახისთვის სოფლად სახლის შესყიდვის საკითხს განიხილავს

01/10/2018

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია „სოფლად სახლის“ შესყიდვის თაობაზე, 500-მდე იძულებით გადაადგილებული ოჯახის განაცხადს განიხილავს. კომისიას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე ხელმძღვანელობს.
„სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახი თავად არჩევს კერძო სახლს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, სამინისტრო აღნიშნულ სახლს შეისყიდის. სახლებს თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც დევნილი ოჯახებისთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს.
2013 წლიდან დღემდე, სამინისტრომ სახლი უკვე 2400-მდე დევნილ ოჯახს შეუსყიდა. „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადების მიღება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0