დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია ბათუმში, ახალაშენებულ კორპუსებში, 164 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხს განიხილავს. ბათუმში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადები მხოლოდ აჭარის რეგიონსა და თბილისში რეგისტრირებულმა დევნილმა ოჯახებმა შეავსეს.
აღნიშნული ოჯახები მონიტორინგის ჯგუფებმა ადგილზე შეისწავლეს, რის შემდეგაც მოკვლეული მასალა განსახილველად დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას გადაეცა. კომისიის მუშაობის შედეგად, გამოვლინდება ის 164 იძულებით გადაადგილებული ოჯახი, რომლებსაც, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, ბინები გადაეცემათ. საცხოვრებელი ფართების განაწილების პროცესში პრიორიტეტი აჭარის რეგიონში რეგისტრირებულ ოჯახებს მიენიჭებათ.
კომისიას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე ხელმძღვანელობს. კომისიის შემადგენლობაში სამინისტროს და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, სახალხო დამცველის აპარატის, აჭარის მთავრობის, აფხაზეთის მთავრობის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც შედიან. ბინების განაწილების პროცესი გამჭვირვალეა და ღიაა ნებისმიერი მედიასაშუალებისთვის.
სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე ორი 16-სართულიანი კორპუსი აშენდა. დევნილი ოჯახები ახალაშენებულ კორპუსებში ბინებს უახლოეს მომავალში მიიღებენ.
კომისია ბათუმში 164 დევნილი ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხს განიხილავს
31/01/2019