კომისიამ ერთხმად დაუჭირა მხარი როგორც კონვენციის, ისე ოქმის რატიფიცირების საკითხს

23/12/2022

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, მინისტრ ზურაბ აზარაშვილის ხელმძღვანელობით, სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიის წევრებმა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) „შრომის ინსპექციის შესახებ“ N81 კონვენციის და „იძულებითი შრომის შესახებ“ N29 კონვენციის დამატებითი ოქმის რატიფიცირების შესაძლებლობის შესახებ იმსჯელეს. კომისიამ ერთხმად დაუჭირა მხარი როგორც კონვენციის, ისე ოქმის რატიფიცირების საკითხს. მხარეებმა ეროვნული მინიმალური ხელფასის რეფორმაზე ისაუბრეს და ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო შვებულების ანაზღაურების საკითხი განიხილეს. შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძე, მთავარი შრომის ინსპექტორი ბექა ფერაძე, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი და დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0