კოვიდ-პანდემიიდან გამომდინარე ჩვენ გვიწევს განსხვავებული ფორმატში მუშაობა

06/09/2021

ტურიზმისა და ავიაციის სექტორებში მომუშავე ასოციაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრაზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა, მათ საქართველოში ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის აღდგენის დინამიკის ტენდენციები გააცნო. მინისტრის მოადგილის თქმით, 2021 წლის 8 თვის განმავლობაში, კოვიდ-პანდემიისა და მასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ მილიონ საერთაშორისო მოგზაურზე მეტს უმასპინძლა.

„კოვიდ-პანდემიიდან გამომდინარე ჩვენ გვიწევს განსხვავებული ფორმატში მუშაობა. პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა რეგულაციებმა შეცვალა საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორთა ჩამოსვლის სტრუქტურა. კერძოდ, თუკი 2019 წლის იანვარი – აგვისტოს პერიოდში მათი დიდი ნაწილი (73.7 პროცენტი) საქართველოში სახმელეთო გზით შემოდიოდა, 24,7 პროცენტი კი საჰაერო გზით, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს თანაფარდობა შეიცვალა და თითქმის თანაბარია. 2021 წლის 8 თვეში საერთაშორისო ვიზიტორების 50 პროცენტი საჰაერო გზით შემოვიდა,“ – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, პანდემიის მიუხედავად, საქართველოს სამოქალაქო ავიაციისა და ტურიზმის სექტორებში მნიშვნელოვანი პოზიტიური დინამიკა შეინიშნება, რაც უკვე აისახა დადებით მაჩვენებლებში. კერძოდ, 2021 წლის აგვისტოს ჩათვლით, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 98 პროცენტით აღდგა ავიაკომპანიების რაოდენობა, რომლებიც საქართველოს მიმართულებით ფრენებს ახორციელებენ. ამასთან, 91 პროცენტით აღდგა ფრენების მიმართულება; 81 პროცენტით – ფრენების სიხშირე; 72 პროცენტით – ქვეყნების რაოდენობა და 70 პროცენტით – მგზავრთნაკადი.

„დღეის მონაცემებით, საქართველოს ავიაბაზარზე 40 ავიაკომპანია ფუნქციონირებს, რომლებიც ფრენებს მსოფლიოს 73 ქალაქიდან ახორციელებენ. მათ შორისაა ისეთი ავიაგადამყვანებიც, რომლებიც გასულ წლებში საქართველოში არ ფუნქციონირებდნენ. კერძოდ, გერმანული „ევროვინგსი“, ყაზახური „ფლაიარისტანი“ და სხვ,“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ტურიზმის ოფიციალური სტატისტიკით, 2021 წლის 8 თვის მონაცემებით, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებლის 50 პროცენტზე მეტი შეადგინა და 500 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტებს, ამ მაჩვენებელმა, 2019 და 2020 წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შესაბამისად, 26 პროცენტი და 96 პროცენტი შეადგინა. ტურიზმისა და ავიაციის სექტორებში მომუშავე ასოციაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მ.შ. მედეა ჯანიაშვილი, სამოქალაქო ავიაციიის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0