კლინიკასთან დაკავშირებით, სამომავლო გეგმებისა და კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა

10/04/2023

აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკასთან დაკავშირებით, სამომავლო გეგმებისა და კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა გახსნა. ზურაბ აზარაშვილმა მაღალტექნოლოგიური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სახელმწიფო კლინიკის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. კონცეფციის პრეზენტაცია ჯანდაცვის სამინისტროს პროექტების განმახორციელებელი ერთეულის ხელმძღვანელმა ნინო კვერნაძემ წარადგინა. ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო იქნება 500 საწოლზე გათვლილი, მრავალპროფილური და მაღალტექნოლოგიური კლინიკა იმავე ტერიტორიაზე, რომელიც ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას უზრუნველყოფს. კლინიკის ბაზაზე განთავსდება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური მიმართულება, გაიხსნება თანამედროვე სტანდარტების ცენტრალური სისხლის ბანკი, ტერიტორიაზე მოწყობა GDP სტანდარტის აფთიაქი, სასწავლო სივრცეები, სამედიცინო ბიბლიოთეკა, ტელემედიცინის სივრცეები და სხვა. ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო იქცევა რეგიონულ ჰაბად და შეინარჩუნებს საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსს, რაც კონცეპტუალურად გულისხმობს მომავალი მედიკოსების სრულ ინტეგრაციას კლინიკურ აქტივობებში და შესაბამისი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას. პრეზენტაციაზე, კლინიკის თანამშრომლებს, მიმდინარე და ჩატარებული კვლევებიც გააცნეს. წარმოდგენილი ანგარიშების მიხედვით, სამკურნალო კორპუსის არსებული კარკასის მხოლოდ სვეტები აკმაყოფილებენ მოქმედი სეისმური ნორმების მოთხოვნებს, ხოლო რიგელები საჭიროებენ გამაგრება-გაძლიერებას. გარდა ამისა, „ძირითადი სამკურნალო მაღლივი კორპუსის შემინული გარე ფასადების ტექნიკური მდგომარეობა, შეიძლება, შეფასებულ იქნას როგორც მწვავე ავარიული. არსებული სახით მათი ექსპლუატაცია დაუშვებელია და გადაუდებლად დემონტაჟს ექვემდებარება“.
ინფრასტრუქტურული პრობლემების გარდა, კლინიკაში არსებულ ძირითად გამოწვევებს შორის სერვისების სიმწირე, სტანდარტებთან შეუსაბამობა, ასევე, კლინიკური და ფინანსური გამოწვევები დასახელდა. ყურადღება გამახვილდა 2025 წლისთვის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკების სავალდებულო აკრედიტაციაზე და აღინიშნა, რომ ამ პროცესის დაწყება, რესპუბლიკურ საავადმყოფოში არსებული პირობებიდან გამომდინარე, შეუძლებელია. პრეზენტაციის შემდეგ, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს, შესაძლებლობა ჰქონდათ, კლინიკასთან დაკავშირებით, არსებულ გეგმებზე ინფორმაცია მიეღოთ. განიხილეს კლინიკაში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. იმსჯელეს, ამ კუთხით, არსებულ საერთაშორისო გამოცდილებასა და საუკეთესო პრაქტიკაზე. პრეზენტაციაზე, სამედიცინო პერსონალთან თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს და აღინიშნა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები, სხვა სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმდებიან ან მშენებლობის განმავლობაში, სახელფასო ანაზღაურებას მიიღებენ. ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს კონცეფციისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაციას ესწრებოდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები თამარ გაბუნია, ილია ღუდუშაური, თამილა ბარკალაია, რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელები და ექიმები, დარგის ექსპერტები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0