კლიმატის ცვლილებები და მისგან გამოწვეული უარყოფითი მოვლენები დიდი გამოწვევაა

01/02/2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში კლიმატის ცვლილების საბჭოს მეორე სხდომა გაიმართა. სხდომას, რომელსაც საქართველოს მთავრობის წევრები ესწრებოდნენ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ხელმძღვანელობდა. საბჭომ საქართველოს დაბალემისიიანი გრძელვადიანი განვითარების კონცეფციის (დეგგკ) დოკუმენტი დაამტკიცა. აღნიშნული კონცეფცია მომზადებულია საქართველოს მთავრობის მიერ, პარიზის შეთანხმების შესაბამისად, როგორც საქართველოს დაბალემისიიანი განვითარების გრძელვადიანი ხედვის ჩარჩო დოკუმენტი და მიზნად ისახავს 2050 წლამდე ქვეყნის დაბალემისიიანი განვითარებისთვის საჭირო ხედვისა და პრინციპების ჩამოყალიბებას.

„კლიმატის ცვლილებები და მისგან გამოწვეული უარყოფითი მოვლენები დიდი გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით, თანმიმდევრული ღონისძიებების დაგეგმვა და აღსრულება. დაბალემისიიანი გრძელვადიანი განვითარების კონცეფციის დოკუმენტის მიღებით ჩვენ ვასრულებთ ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ვალდებულებას“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

აღსანიშნავია, რომ პარიზის შეთანხმებამ (2015 წლის დეკემბერი) სათავე დაუდო კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის ახალ ეტაპს, რაც გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის წევრი ქვეყნების მიერ, ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებას გულისხმობს. კონცეფცია სრულ თანხვედრაშია გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციასთან, პარიზის შეთანხმებასთან, კლიმატის ნაწილში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებასთან, ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებასთან და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან. კონცეფცია ასევე ითვალისწინებს სახელმწიფოს ხედვას სათბურის გაზების ეროვნული ემისიების შემცირებისა და შთანთქმის გაძლიერების კუთხით. შეხვედრაზე ასევე განიხილეს კლიმატის ცვლილების საბჭოს მანდატი, კლიმატის ფინანსების სამუშაო ჯგუფის ტექნიკური დავალების პროექტი, კლიმატის ტექნოლოგიების საკოორდინაციო ჯგუფის ტექნიკური დავალების პროექტი, კლიმატის ფინანსების სამუშაო და ტექნოლოგიების საკოორდინაციო ჯგუფების შექმნის საკითხი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კლიმატის ცვლილების საბჭო 2020 წლის 23 იანვარს შეიქმნა, რომელიც საბჭოსგან, საკოორდინაციო და სამუშაო ჯგუფებისგან შედგება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0