კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ჩვენი გარდაცვლილი გმირების ოჯახებს და ქედს ვიხრი მათი ნათელი ხსოვნის წინაშე

19/07/2023

მე მინდა მივუსამძიმრო ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენი გმირების ნეშტების გადმოსვენება. მოგეხსენებათ, 4 სამხედრო პირია აქედან, 9 არის სამოქალაქო პირი, რომლებიც გმირულად დაიღუპნენ ჩვენს ომში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც მთავრობის წევრებთან ერთად ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო. მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ნეშტების გადმოსვენების პროცესში მიიღო მონაწილეობა.

„ეს, რა თქმა უნდა, დიდი ტრაგედიაა. მეორეს მხრივ, მე მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი გმირების ნეშტები გადმოვასვენოთ დროულად. ამ პროცესში, მოგეხსენებათ, ჩართული არის როგორც სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ასევე ჩართულია წითელი ჯვარი, ჩვენი პარტნიორები გვეხმარებიან ამ პროცესში, ამიტომ მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც ამ პროცესში მიიღო მონაწილეობა. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ჩვენი გარდაცვლილი გმირების ოჯახებს და ქედს ვიხრი მათი ნათელი ხსოვნის წინაშე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ამჯერად 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება მოხერხდა, მათგან 4 სამხედრო და 9 მშვიდობიანი მოქალაქეა. შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში გაიმართება. ერთ მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით, დანარჩენებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის, საგვარეულო სასაფლაოებზე დაკრძალავენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0