კიბოსთან ბრძოლაში ქალაქებს შორის გამოწვევას თბილისი შეუერთდა. დედაქალაქის მოსახლეობისთვის კიბოს პრევენციასა და მკურნალობაზე უკეთესი წვდომის უზრუნველყოფისთვის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ზაზა ბოახუამ, თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა, გელა ჩივიაშვილმა, საქართველოს პაციენტთა კავშირის ონკოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ეკატერინე სანიკიძემ და “City Cancer Challenge”-ის გენერალურმა დირექტორმა, სიუზან ჰენშლიმ მოაწერეს.
თბილისი ევროპაში კიბოსთან ბრძოლის მიმართულებით საერთაშორისო მოძრაობის წევრი პირველი დედაქალაქი გახდა. შეთანხმების ფარგლებში, ორი წლის განმავლობაში, ფონდ “City Cancer Challenge”-ის მხარდაჭერით, ადგილობრივი, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების კოორდინირებული მუშაობით კომპლექსური ღონისძიებები განხორციელდება. უზრუნველყოფილი იქნება დაინტერესებულ მხარეთა გამოვლენა, დაკავშირება, პროცესში ჩართვა; კიბოს უკეთესი მართვის მიზნით, ქალაქის მასშტაბით არსებული გამოწვევების, საჭიროებებისა და პრიორიტეტების შეფასება; დაავადებასთან ბრძოლის სამოქმედო გეგმის შემუშავება; ქალაქის გეგმის განხორციელების მხარდასაჭერად საერთაშორისო და რეგიონული პარტნიორობა; ერთჯერადი და გრძელვადიანი ინვესტირება და ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება; ასევე, პროგრესის მონიტორინგისა და შეფასების ჩარჩოს შემუშავება.
ფონდი „City Cancer Challenge“ კიბოს კონტროლის საერთაშორისო კავშირის (UICC) მიერ, 2017 წელს შეიქმნა და ქალაქებისთვის საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას უზრუნველყოფს. კიბოს მსოფლიო დღე ყოველი წლის 4 თებერვალს აღინიშნება და სიმსივნეების შესახებ ცნობიერების დონის ამაღლების გზით, სიკვდილიანობის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.
კიბოსთან ბრძოლაში ქალაქებს შორის გამოწვევას თბილისი შეუერთდა
04/02/2019