ქ. თელავში, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან – ირაკლი ქადაგიშვილთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე – ილია ბეგიაშვილი, მაჟორიტარი – დეპუტატები, მუნიციპალიტეტების საკრებულოს თავმჯდომარეები და მერები.
შეხვედრაზე განიხილეს 2020 წელს კახეთის რეგიონში ინფრასტრუქტურული მიმართულებით განსახორციელებელი გეგმები.
აღსანიშნავია, რომ კახეთის რეგიონში განსახორციელებელი პროექტების დაფინანსება ცენტრალური ბიუჯეტიდან 16 მილიონი ლარით იზრდება.
მოსახელობის საჭიროებებიდან გამომდინარე, ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა: საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სკოლების რეაბილიტაცია, ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაცია, სტიქიის პრევენცია და სოფლის მხარდაჭერა ასევე, დაემატა ახალი ქვეპროგრამები – საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისა და წყლის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებებით.
მომავალი წლისთვის, ახალი მიდგომის თანახმად, რეგიონში მუნიციპალიტეტებს შორის შეიქმნება კონკურენტული გარემო, სადაც ის მუნიციპალიტეტები, რომლებიც გეგმა-გრაფიკის სრული დაცვით დაგეგმავენ და განახორციელებენ პროექტებს გაეზრდებათ დამატებით დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობა.
მსგავსი მიდგომით, მუნიციპალიტეტები დროულად მოახდენენ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვასა და დაკონტრაქტებას, ამავდროულად პროცედურების დროული შესრულება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საპროექტო და სამშენებლო კომპანიების მზაობისა და ეფექტურობის ხარისხის ზრდას.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, მინისტრის მოადგილე, სახელმწიფო რწმუნებული და თელავის მუნიციპალიტეტის მერი ქ. თელავში, ერისთავის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
კახეთში ინფრასტრუქტურული მიმართულებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
03/07/2019