საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, გიორგი წერეთელი და მისი მოადგილე, პავლე გამყრელიძე კახეთის რეგიონში დასრულებულ და მიმდინარე რეაბილიტაციის პროექტებს ადგილზე გაეცნენ.
2022 წელს, კახეთის რეგიონში, მაგისტრალური გზების მშენებლობის გარდა, 26 პროექტი მიმდინარეობდა, საერთო ღირებულებით 140 მლნ. ლარამდე, საიდანაც 8 პროექტი დასრულდა. ჯამში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 60 კმ-მდე საავტომობილო გზას, განხორციელდა 1 ხიდის რეაბილიტაცია და 1 ნაპირსამაგრი პროექტი (1.2 კმ. სიგრძის). აღნიშნული პროექტების ფარგლებში ხორციელდება ისეთი მნიშვნელოვანი საგზაო მონაკვეთების რეაბილიტაცია როგორებიცაა: გუმბათი-ხირსა-ენამთა-სამთაწყარო-საბათლოს გზის 26 კმ-იანი მონაკვეთი, თიანეთი-ახმეტას დამაკავშირებელი გზა, თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი, ზემო ხოდაშენი-ალავერდის დამაკავშირებელი გზის 12 კმ-მდე მონაკვეთი, ფშაველი-აბანო-ომალოს გზის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების პროექტი და სხვა. ხსენებული პროექტები, კახეთის რეგიონში გაზრდის ტურისტულ პოტენციალს, ხელს შეუწყობს ეკონომიკის კიდევ უფრო განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობა უსაფრთხო და კომფორტული, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი გზებით სარგებლობას შეძლებს.
კახეთის რეგიონში 60 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია დასრულდა
23/12/2022