კახა კუჭავა უკრაინის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

03/06/2021

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა უკრაინის პრემიერმინისტრ დენის შმიგალს შეხვდა. მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ მეგობრობასა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობას და ასევე სამმხრივი საპარლამენტო ასამბლეის ფორმატის გააქტიურებას გაესვა ხაზი. იმსჯელეს ნატოში ინტეგრაციის პროცესში მიღწეულ პროგრესზე და აღინიშნა, რომ ალიანსში გაწევრიანება ორი ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. კახა კუჭავამ საქართველოს დასავლური ინტეგრაციის პროცესში მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობასა და იმ განაცხადზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც ქვეყანა 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე გააკეთებს. ისაუბრეს უკრაინის საზღვრებთან და დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე განვითარებულ პროცესებს და რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე. უკრაინის პრემიერმინისტრმა პარლამენტის თავმჯდომარეს როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში, საერთაშორისო არენაზე უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და დაადასტურა, რომ უკრაინა საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდაჭერას აქტიურად გააგრძელებს. აღინიშნა პოსტპანდემიურ პერიოდში სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ეკონომიკის აღდგენისა და ტურიზმის მიმართულებით ურთიერთობების გააქტიურების შესაძლებლობები და მნიშვნელობა. უკრაინის პრემიერმინისტრმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინაში ვიზიტით მიიწვია. უკრაინის პრემიერმინისტრთან გამართულ შეხვედრას პარლამენტის ვიცესპიკერები არჩილ თალაკვაძე და ლევან იოსელიანი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ასევე ფრაქცია “ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე და „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0