კახა კოჟორიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვეყნის პირველი პირის სიძესთან, მინდია გოგოჭურთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადების გამო „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის დარღვევაში ადანაშაულებს.
როგორც კოჟორიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მინდია გოგოჭურთან დაკავშირებით „არაჯანსაღი სიტუაცია“ იქმნება.
„იმ თავითვე არსებობდა მთელი რიგი კითხვის ნიშნები. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც საზოგადოებამ რამდენიმე დღის წინ იხილა, პირდაპირ ვიტყვი, რომ იყო „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის დარღვევა, როდესაც სამინისტრომ განაცხადა, რომ მინდია გ. არის სამჯერ ნასამართლევი. ეს ერთი კანონდარღვევა – მას არ ჰქონდა ამის თქმის უფლება“, – განაცხადა კოჟორიძემ.
მისივე განმარტებით, მეორე კანონდარღვევაა ის, რომ გოგოჭური ნასამართლეობის შესახებ ცნობას ითხოვს, რომელსაც ამ დრომდე ვერ იღებს.
„მეორე – მინდიამ უკვე მესამე დღეა რაც მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა ძალიან მარტივი რამე – ნასამართლეობის ცნობა. მან გადაიხადა საფასური იმისთვის, რომ ეს ცნობა დაჩქარებულად, 1 საათში მიეღო, თუმცა დღემდე არ მიუღია. მთლიანობაში არაჯანსაღი სიტუაცია იქმნება მთელი ამ საქმის ირგვლი, რომელსაც სჭირდებოდა ჩვეულებრივად, სტანდარტულად სამართლებრივი პროცედურებით ჩატარებული გამოძიება და კანონის ყველა მოთხოვნის დაცვით შედეგის დადება“, – განაცხადა კოჟორიძემ.