კახა კახიშვილმა მსჯავრდებულის შვილს საახალწლო სურვილი აუსრულა

04/01/2016

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა მსჯავრდებულის შვილს საახალწლო სურვილი აუსრულა.

„13 წლის ვარ და მამა მხოლოდ ერთხელ ვნახე, როცა 5 წლის ვიყავი და მისი სახეც აღარ მახსოვს. მამასთან ტელეფონით საუბრის დროს გავიგე, რომ ის ქ. რუსთავის N 16 დაწესებულებაშია. გთხოვთ, გაათავისუფლოთ მამიკო ამ ახალ წლამდე. მინდა, რომ ახალ წელს ერთად შევხვდეთ. ან კიდევ, გავიგე, რომ არსებობს პროექტი, როდესაც პატიმარს შაბათ-კვირას სახლში უშვებენ, თუ შეგიძლიათ, გთხოვთ დამეხმაროთ. მადლობა, წინასწარ“ – ეს წერილი მინისტრმა 13 წლის მოზარდისგან, რომელიც ქუთაისში მიუსაფარ ბავშვთა სოფელში ცხოვრობს, 10 დეკემბერს მიიღო.

კახა კახიშვილის გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულ გ.გ-ს საქმე ადგილობრივმა საბჭომ განიხილა და მისი პირობით ვადამდე გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, გ.გ- მ მე-16 დაწესებულება 31 დეკემბერს დატოვა და სამინისტროს დახმარებით შვილთან შესახვედრად საახალწლო საჩუქრებით გაემგზავრა. საპატიმროდან გათავისუფლებული მსჯავრდებულის ქუთაისში ტრანსპორტირებაც სამინისტრომ უზრუნველყო.

„არ ველოდებოდი გათავისუფლებას, არც ვიცოდი არაფერი. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს შვილს, რომელმაც წერილი მიწერა მინისტრს და ჩემი განთავისუფლება სთხოვა. ათი წელია ბავშვი არ მინახავს, ჩემი სახეც კი არ ახსოვს. ეხლა პირდაპირ მასთან წავალ, არ იცის რომ გამომიშვეს და რომ დამინახავს ალბათ ძალიან გაუხარდება“ – განაცხადა გ.გ.-მ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0