დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვაკის საფეხბურთო ცენტრის გახსნის ღონისძიებას დაესწრო და შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა. თბილისის მერის განცხადებით, მსგავსი პროექტები სპორტის სფეროში ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერისკენ მიმართული მნიშვნელოვანი ნაბიჯებია.
“საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უეფა-ს მხარდაჭერით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. ასევე, მნიშვნელოვანი იყო, როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ისე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერაც. ანალოგიური პროექტები ჩვენ სამგორის, ვარკეთილისა და გლდანის რაიონებშიც განვახორციელეთ და ამით არ შემოვიფარგლებით. მომდევნო ორი პროექტი უნდა განხორციელდეს დიდ დიღომში და ნუცუბიძეზე. პროექტები უახლოეს მომავალში დასრულდება. ჩვენ ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა გვყავს და ეს ინფრასტრუქტურა მისცემს მათ შესაძლებლობას, რომ თავიანთი ნიჭი სწორად გამოიყენონ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ახალი საფეხბურთო ცენტრი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და უეფა-ს Hat-Trick-ის პროგრამის დაფინანსებით აშენდა.
აღნიშნული ტერიტორია ფედერაციას 2019 წლის დეკემბერში სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნული სააგენტოსგან გადმოეცა. გადმოცემის პროცესს მხარს უჭერდა სპორტის უნივერსიტეტი.