თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ, ელიზაბეთ რუდთან ერთად, ამერიკის საელჩოს მიერ ორგანიზებულ “დედამიწის დღისადმი” მიძღვნილ ღონისძიებაში ჩაერთო. თბილისის მერმა და ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საკუთარი ავტომობილების ნახშირორჟანგის გამონაბოლქვი შეამოწმეს, რითაც ხაზი გაუსვეს სუფთა ჰაერის შენარჩუნების მნიშვნელობას. როგორც Autotest Georgien-ის ტერიტორიაზე გამართულ ღონისძიებაზე აღინიშნა, გამონაბოლქვის ტესტის არსებობა ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის აუცილებელი ნაბიჯია და ამერიკის საელჩო სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოში ყველა მანქანისთვის სავალდებულო ტესტის დაწესებას.
თბილისის მერმა ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს დედამიწის დღე მიულოცა. კახა კალაძემ ხაზი გაუსვა გარემოს დაცვის მნიშვნელობას და დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისადმი მიმართულ ძალისხმევაზე ისაუბრა.
“48 წელია, მსოფლიო დედამიწის დღეს აღნიშნავს. ზოგადად, მთელი მსოფლიო დღეს სეროზული გამოწვევების წინაშე დგას არსებული ეკოლოგიური მდგომარეობისა და ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით. ამ მხრივ, სამწუხაროდ, არც თბილისია გამონაკლისი, სადაც სერიოზული ეკოლოგიური პრობლემები გვაქვს. ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ვსაუბრობდი. მათ დაძლევაში მნიშვნელოვანია დედაქალაქის მთავრობის როლი ცენტრალურ ხელისუფლებასა და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად. ჩვენ ეს პრობლემა ერთიანი ძალისხმევით უნდა მოვაგვაროთ. მნიშვნელოვანია ქალაქის გამწვანება და სკვერების რეაბილიტაცია, თუმცა ტრანსპორტი ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული კომპონენტია ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით. ვიცით, რომ პირველი ივლისიდან სახელმწიფო დაწესებულებების ავტომობილების, ხოლო 1 იანვრიდან უკვე კერძო ავტომანქანების ტექდათვალიერება იწყება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ჩემი თხოვნა იქნება, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური მიზნებისთვის არ იყოს გამოყენებული. პროცესი მტკივნეული იქნება, ბევრი ავტომანქანა, სავარაუდოდ, ვერ გაივლის ტექდათვალიერებას, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ სწორედ ასეთი ავტომობილების გამონაბოლქვი წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობისთვის. აქედან გამომდინარე, წელს თბილისის მთავრობის მთავარი პრიორიტეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებაა. წელს ჩვენ შემოგვყავს 100 ახალი ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსი. მომდევნო წლების განმავლობაში ვაპირებთ, ასევე, ელექტროავტობუსების შემოყვანას. რამდენიმე დღეში საცდელად შემოგვყავს ახალი ელექტროავტობუსი, რომელიც დედაქალაქში ერთ კონკრეტულ ხაზზე იმოძრავებს. მომდევნო წლებში კი ამ მიმართულებით კიდევ ბევრ საინტერესო სიახლეს ვგეგმავთ,“ – განაცხადა კახა კალაძემ.
გამონაბოლქვის ტესტის წარმატებით გავლის შემდეგ, თბილისის მერი კახა კალაძე, ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ელიზაბეტ რუდთან ერთად, საელჩოს სხვა წარმომადგენლების მონაწილეობით მიმდინარე გზების დასუფთავების აქციას შეუერთდა. პროგრამის მონაწილეები აღნიშნულ გზებზე სისუფთავის შენარჩუნებას მომდევნო ორი წლის განმავლობაში გეგმავენ.