კახა კალაძემ ქვეყნის მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

26/05/2019

თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს მოსახლეობას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

„მინდა ეროვნული დღე, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე, მივულოცო სრულიად საქართველოს. 101 წლის წინ, ჩვენ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, თუმცა, მალევე დავკარგეთ. 70 წლის შემდეგ, სამწუხაროდ, მსხვერპლის ფასად, მაგრამ ჩვენი ეროვნული გმირების, ჩვენი ხალხის თავგანწირვითა და ერთიანობით შევძელით, დამოუკიდებლობა დაგვებრუნებინა. წინ ძალიან გრძელი გზა გვაქვს გასავლელი. ჩვენი დამოუკიდებლობა ახალგაზრდაა და დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით, შევძლებთ ღირსეულად გადავლახოთ ის ბარიერები, ის გამოწვევები, რაც ყველას გვაწუხებს. ამის შემდეგ კი, გავხდებით იმ დიდი ოჯახის წევრი, რომელსაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძე მეუღლესთან, შვილებთან და მერის მოადგილეებთან ერთად, თავისუფლების მოედანზე, სამხედრო მოსამსახურეთა ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო. ამის შემდეგ, როგორც დედაქალაქის მერიის, ასევე, სხვადასხვა უწყების მიერ წარმოდგენილი პავილიონები დაათვალიერა. რუსთაველის გამზირზე, 26 მაისთან დაკავშირებით, თბილისის მერიის ორგანიზებით, სხვადასხვა ღონისძიება იმართება, მათ შორის, სადღესასწაულო, შემეცნებითი და გასართობი პროგრამები, ასევე, მრავალფეროვანი აქტივობები, გამოფენები და კონცერტები. მთელი დღის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ინსტალაცია, საგამოფენო პავილიონი, საინფორმაციო სტენდი და კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცე.
დამოუკიდებლობის დღისამდი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, თავისუფლების მოედანზე, 17:10 საათზე „ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას“ შესრულდება, რომელშიც მონაწილეობას ანსამბლები „შვიდკაცა“ და „მძლევარი“ მიიღებენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0