საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუ“-ს დაფინანსებით კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდალეთში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე სოფლების მაცხოვრებლებთან ერთად გაეცნენ.რეაბილიტაციის პირველი ეტაპი, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა გაგრძელდეს, დიდი ხნის წინ ჩამოშლილი ეკლესიის კედლების კონსტრუქციული მდგრადობის შემოწმებას, პერიმეტრზე მიწის ფენის მოხსნის სამუშაოებსა და სხვადასხვა არქიტექტურული სეგმენტის კონსერვაცია-რესტავრაციას მოიცავს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ფიზიკური სამუშაოები მომდევნო წლებშიც გაგრძელდება და ეკლესიის სრულფასოვანი რეაბილიტაციის დასრულებამდე გასტანს. ეკლესიის აღდგენის შემდგომ სარესტავრაციო ეტაპებზე არქიტექტურული კომპლექსის გალავნის სრული რეაბილიტაციაც იგეგმება. ფონდი „ქართუ“-ს დაფინანსებითა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, სოფელ გუდალეთის ახლომდებარე ნასოფლარ ვარჯაანში მიმდინარე წელს დასრულდა განვითარებული ფეოდალური ხანის მთავარანგელოზის ეკლესიის რეაბილიტაციის პროცესიც. დარბაზულ ეკლესიაზე ჩატარებულმა რესტავრაციამ საკულტო ნაგებობის ყველა არქიტექტურული სეგმენტი მოიცვა, სადაც დადგენილი სარეაბილიტაციო მეთოდოლოგიით გამაგრდა და რესტავრირდა ფასადური ქვის საპირე წყობები. განახლდა კრამიტის სახურავის კოსტრუქცია.
მიმდინარე და განხორციელებული სარეაბილიტაციო პროექტები ხელს შეუწყობს სეზონურად მაცხოვრებელ თემში ახალი საცხოვრებელი პირობების გაჩენას და კასპის ნასოფლარებში მუდმივმაცხოვრებელი ოჯახების დამკვიდრების პერსპექტივებს.
კასპის მუნიციპალიტეტში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს რეაბილიტაცია უტარდება
01/07/2019