კარტოფილის საერთაშორისო ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა

26/01/2016

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და კარტოფილის საერთაშორისო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა პროფესორმა ლევან უჯმაჯურიძემ და კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა დოქტორმა ბარბარა ველსმა.

მემორანდუმის ფარგლებში კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის (CIP) და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ შემუშავდა მავნებელ-დაავადებებისადმი გამძლე ჯიშების კარტოფილის სათესლე მასალის წარმოების, მოსავლიანობის გაზრდის და დივერსიფიკაციის ხუთწლიანი ერთობლივი კვლევების პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას. უახლოეს პერიოდში დაფუძნდება და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში განთავსდება კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლობა საქართველოში.

როგორც ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ განაცხადა აღნიშნული მემორანდუმი ხელს შეუწყობს საქართველოში მეკარტოფილეობის დარგის უკეთ განვითარებას ახალი, მათ შორის საადრეო, ჯიშების ინტროდუცირებას, მოვლა მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, რაც თავის მხრივ დაეხმარება ფერმერებს უხვი და ხარისხიანი მოსავლის მიღებაში.

„ძალიან მნიშვნელოვანია ისეთ ქვეყნებთან ურთიერთობა, როგორიც არის საქართველო. კარტოფილის საერთაშორისო ცენტრი საქართველოს დაეხმარება კარტოფილის ელიტურ ჯიშებზე კვლევის ჩატარებაში, ნათესების და თესლის წარმოების ახალ მეთოდების განვითარებაში და იმ მონაცემების დადგენაში, რომელიც კარტოფილის საბაზისო მონაცემებს აჩვენებს, ასევე ფერმერებისთვის გაზრდილი შემოსავლების მიღებაში.“ – განაცხადა კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, დოქტორმა, ბარბარა ველსმა.

კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლობის დაარსება საქართველოში ემსახურება პროგრამას ,, ცოცხალი კარტოფილი კავკასიისათვის და აზიისთვის ’’, რომლის მიზანია სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, კარტოფილის არახელსაყრელი გარემო პირობებისადმი და დაავადებების მიმართ მედეგი ჯიშების კვლევას და ფერმერთა ცნობადობის ამაღლება კარტოფილის წარმოების საქმეში.

კარტოფილის საერთაშორიო ცენტრი ,, CIP ‘’’, დაარსდა 1971 წელს. ცენტრის მიზანია განვითარებად ქვეყნებში სიღარიბის დაძლევა, ბუნებრივი რესურსების დაცვა, კარტოფილის კუტურების განვითარების ხელშეწყობა, რაც ითვალისწინებს კვლევას და ინოვაციებს მეცნიერებაში, ტექნოლოგიებში და სხვა შესაძლებლობების განვითარებაში.

კარტოფილის საერთაშორისო ცენტრი არის სოფლის მეურნეობის კვლევის მსოფლიო პარტნიორობის ორგანიზაციის წევრი (CGIAR ). ეს კონსორციუმი აერთიანებს კვლევით ორგანიზაციებს, რომლებიც კვების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ზრუნავენ. ამ ორგანიზაციის დონორები მოიცავს ცალკეული ქვეყნების ძირითად ფონდებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0