კარგია, როდესაც ოპოზიცია ხედავს და თვალს არ ხუჭავს პროგრესზე და განვითარებაზე

19/10/2022

„იურიდიული დახმარების სამსახური ძალიან მნიშვნელოვან და საჭირო როლს ასრულებს ჩვენი საზოგადოების ცხოვრებაში“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატებმა სსიპ – იურიდიული დახმარების სამსახურის 2020 და 2021 წლების საქმიანობის ანგარიში მოისმინეს.

პარლამენტის წევრის შეფასებით, იურიდიული დახმარების სამსახურის მნიშვნელობის ფაქტი ოპოზიციონერი კოლეგის მიერაც იქნა აღნიშნული, რომელმაც სამსახურის ხელმძღვანელს, გაწეული საქმიანობისთვის, მადლობა გადაუხადა.

„კარგია, როდესაც ოპოზიცია ხედავს და თვალს არ ხუჭავს პროგრესზე და განვითარებაზე, თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს პროგრესი და განვითარება სამსახურმა 2012 წლის შემდგომ შეიძინა. ეს მოხდა მას შემდეგ, როცა სამსახურმა რეფორმების შედეგად ინსტიტუციური დამოუკიდებლობა მოიპოვა და გაიზარდა ის დაფარვის სფერო, რომელზეც სამსახური იურიდიულ დახმარებას ახორციელებს“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, რაჟდენ კუპრაშვილმა დეპუტატებს საანგარიშო პერიოდში განხორციელებულ აქტივობებზე, სამსახურის მიზნებზე და სამომავლო გეგმებზე დეტალური ინფორმაცია გააცნო.

„2020 წელი, იურიდიული დახმარების სამსახურისა და მთელი მსოფლიოსათვის იყო განსაკუთრებული გამოწვევების წელი. გლობალურმა პანდემიამ მართალია სრულიად შეცვალა ჩვენი ცხოვრების წესი და სამუშაო რეჟიმი, თუმცა, კიდევ უფრო ნათლად დაგვანახა ადამიანის უფლებების დაცვის აქტუალურობა. 2020 წელს ბენეფიციარებისათვის სამართლებრივი მომსახურების ხელმისაწვდომობისთვის, სამსახურმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და სამსახურის ინსტიტუციური განვითარების კუთხით და ფართომასშტაბიანი რეფორმირების პროცესი დაიწყო. 2021 წელი სამსახურისთვის ერთ-ერთი წარმატებულ წლად შეიძლება შეფასდეს. იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების მიწოდებასთან ერთად, სამსახურის აქტივობები მიმართული იყო საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისაკენ. ტერიტორიული ხელმისაწვდომობის გაზრდასთან ერთად, 2021 წელს საფუძველი ჩაეყარა ფართომასშტაბიან მოძრაობას „ვაქციოთ კანონი ხელმისაწვდომი ყველასათვის“, დაინერგა ახალი სერვისები და გადაიდგა ნაბიჯები მომსახურეობის ხარისხის გაუმჯობესებისათვის. 2021 წელს, სამსახური მიერ დაწყებული პროექტები არის საკმაოდ ამბიციური. ამასთან, მათი განხორციელება ფასდაუდებელ შედეგს მოიტანს ადამიანის უფლებების დაცვისა და სამართლებრივი ურთიერთობების უზრუნველყოფისთვის“, – განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.

სამსახურის დირექტორმა იმ სტატისტიკურ მონაცემებზეც ისაუბრა, რაც უწყებამ საანგარიშო პერიოდში განახორციელა და ფართოდ მიმოიხილა სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის მიმართულებები. ეს შეეხებოდა როგორც იურიდიული დახმარების მიღების სხვადასხვა ფორმებისა და საქართველოს რეგიონებში საკონსულტაციო ცენტრების გახსნის მნიშვნელობას, ასევე, საზოგადოებრივი ადვოკატების საქმიანობას, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით გატარებულ ღონისძიებებს და ტრენინგებს და უწყებათაშორის თანამშრომლობის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს. მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი სერვისების მიწოდების უზრუნველყოფისთვის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს და სამსახურის იურისტებს, მადლობა გადაუხადა.

„მეტ პატივისცემას და მადლიერებას იმსახურებს ამ სამსახურის მიერ გაწეული მომსახურება. ნებისმიერი უფლების განხორციელება, ყოველთვის დამოკიდებულია საკუთრივ ამ უფლების მატარებელი პირის პირად ინიციატივაზე და ამ ინიციატივის განხორციელება ხელმოკლე ადამიანმა რომ შეძლოს, მნიშვნელოვანია, რომ მას ხელი მიუწვდებოდეს იურიდიულ დახმარებაზე, იურიდიულ მომსახურებაზე, რომლის გარეშეც შეუძლებელია სრულფასოვან შესაძლებლობაზე საუბარი“, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0