კარგად გვესმის, რომ ოპოზიციისთვის ეს რთულად მისაღები მორიგი მარცხი იყო

08/11/2021

ეს იყო ნამდვილად ისტორიული არჩევნები და ეს იყო ისტორიული გამარჯვება, – ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს იყო ხალხის და ქვეყნის გამარჯვება. პრემიერმა საზოგადოებას გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს მათი ნდობის გასამართლებლად.

„რა თქმა უნდა, ეს არის უაღრესად საპატიო საქმე, მაგრამ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა. ჩვენ ვაცნობიერებთ ამ პასუხისმგებლობას და დღეიდან, მხოლოდ საქმეზე უნდა გავაკეთოთ კონცენტრირება. მინდა, მინისტრებს საჯაროდ განვუცხადო, რომ დღეიდან, მხოლოდ საქმეზე ვისაუბროთ, მხოლოდ საქმეზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი და ის დაპირება, პროექტები, ინიციატივები, რაზეც საუბარი გვქონდა არჩევნების დროს, კამპანიის დროს, მხოლოდ ამ პროგრესზე უნდა გვქონდეს საუბარი მოსახლეობასთან. 24-საათიან რეჟიმში, აბსოლუტურად მოტივირებულები, განახლებული, გაათმაგებული ენერგიით უნდა შევუდგეთ საქმეს. კარგად გვესმის, რომ ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის წინაშე დღეს ძალიან ბევრი გამოწვევა და პრობლემაა. ეს არის სამუშაო ადგილების სიმცირე, სიღარიბე, უმუშევრობა, პანდემია, ოკუპაცია, ამიტომ ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი დრო. ჩვენ მხოლოდ საქმეზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი და უნდა ვიმუშაოთ 24-საათიან რეჟიმში ჩვენი ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის”, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრმა არჩევნების სანიმუშოდ ორგანიზებისა და მაღალ დონეზე ჩატარებისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და ცესკოს თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხდა.

„კარგად გვესმის, რომ ოპოზიციისთვის ეს რთულად მისაღები მორიგი მარცხი იყო, მაგრამ როდესაც ხალხი რვაჯერ გეუბნება უარს და არჩევნებში მარცხდები, ეს ბევრ რამეს ნიშნავს და ალბათ, ეს უნდა იყოს მორიგი გაკვეთილი მათთვის. ჩვენ მოსახლეობასთან მხოლოდ საქმეზე გვექნება საუბარი. მე პირადად ვაპირებ, რომ პირადად გავაკონტროლო ყველა იმ პროექტისა და ინიციატივის შესრულების ტემპი და ხარისხი, რომელზეც საარჩევნო კამპანიის დროს მქონდა საუბარი და იმავეს მოგიწოდებთ მინისტრებს, რომ პროაქტიულ რეჟიმში ვიმუშაოთ რეგიონებში, ხალხთან, მეტი საქმე ვაკეთოთ, მეტი პროგრესი და მეტი კეთილდღეობა მოვუტანოთ ჩვენს მოსახლეობას. არჩევნები იყო სანიმუშოდ ორგანიზებული და მინდა, მადლობა გადავუხადო ცესკოს თავმჯდომარეს და თითოეულ თანამშრომელს უმაღლეს დონეზე ჩატარებული არჩევნებისთვის. ჩვენ ახლა გვაქვს 3 წელი მშვიდობიანი განვითარების პერიოდი და კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო ყველას, მათ შორის, ოპოზიციას, რომ ეს ყველამ კარგად გავაცნობიეროთ. დადგა დრო, რომ პირადი ვიწრო, პარტიული ინტერესები არ დავაყენოთ ქვეყნის ინტერესებზე მაღლა. ჩვენთვის მთავარი უნდა იყოს ჩვენი სახელმწიფოს და ხალხის ინტერესები და არა ვიწრო პარტიული ინტერესები. ამიტომ, თუ ოპოზიციას სურს საქმეზე რეალური დებატების გამართვა, ამისთვის ადგილი არის პარლამენტი და ჩვენ, მთელი მინისტრთა კაბინეტი, მთავრობა, ვართ მზად, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში ვითანამშრომლოთ ოპოზიციასთანაც, ვინაიდან, ეს არის ჩვენი საერთო ქვეყანა, ჩვენი გამარჯვება არის საერთო გამარჯვება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე წარმატებები უსურვა წალენჯიხის ახლად არჩეულ მერს, რომელიც არჩევნებში გამარჯვებული ერთადერთი ოპოზიციური კანდიდატია.

„მე, როგორც პრემიერ-მინისტრს, მექნება ძალიან მჭიდრო, აქტიური მუშაობა არჩეულ მერებთან. მე მინდა, მათ მივულოცო არჩევნებში გამარჯვება. ეს იყო ჩვენი ხალხის არჩევანი, ხალხის ნება იქნა გამოხატული და ამ არჩევანს და ხალხის ნებას ყველა უნდა დაემორჩილოს. ასევე, მინდა, წარმატება ვუსურვო წალენჯიხის მერს, ის არის ერთადერთი ოპოზიციური კანდიდატი, რომელმაც დამსახურებულად გაიმარჯვა არჩევნებში და მინდა განვუცხადო მას, რომ მთელი ცენტრალური მთავრობა მზად ვიქნებით, ვითანამშრომლოთ მასთან, კონსტრუქციულ რეჟიმში. რა თქმა უნდა, მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, გავაკეთებ იმდენივეს წალენჯიხისთვის და მისი მოსახლეობისთვის, რამდენსაც სხვა დანარჩენი მუნიციპალიტეტებისთვის. ჩემმა ნათქვამმა საარჩევნო კამპანიის დროს გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია, მაგრამ, მინდა, დავაზუსტო დღეს, რომ ჩვენ, მთელი მთავრობა სრულ მზადყოფნას გამოვხატავთ იმისთვის, რომ ვითანამშრომლოთ ოპოზიციურ მერთანაც. ასე, რომ კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ხალხს, ჩვენს ამომრჩეველს და ახლა საჭიროა საქმეზე კონცენტრირება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა პარლამენტში ბიუჯეტის კორექტირებული ვერსიის წარდგენაზე და აღნიშნა, რომ ხელისუფლების ვარაუდით, ქვეყანას წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ექნება.

„ჩვენ პარლამენტში წარვადგინეთ კორექტირებული ბიუჯეტი, გადამუშავებული ვერსია, თუმცა ნოემბერში, ჩვენ კიდევ ინტენსიურად ვიმუშავებთ სამინისტროებთან, უწყებებთან და თვის ბოლოს საბოლოო ვერსიას წარვადგენთ პარლამენტში, მანამდე გვაქვს ეს პერიოდი, რომ პარლამენტთან და დეპუტატებთან ვითანამშრომლოთ აქტიურად და საბოლოო ვერსიაზე შევჯერდეთ. ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა. 9 თვის ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 11,3% შეადგინა, გადაიხედა რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც და ჩვენი ვარაუდით, წელს გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ეკონომიკური ზრდის პროგნოზის ზრდიდან გამომდინარე, გაიზარდა ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზიც და ბიუჯეტის პირველ ვერსიაში პროგნოზირებული 58,4 მლრდ ლარის ნაცვლად, გადამუშავებულ ვერსიაში პროგნოზირებულია 58,7 მლრდ ლარის ოდენობით. რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2022 წელს შეადგენს 6%-ს. მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, 2022 წლის ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 65 მლრდ ლარს შეადგენს, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთ სულ მოსახლეზე მშპ გადასცდება 5 500 აშშ დოლარს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0