კაპიტალური დამცავი ნაგებობა რომ ყოფილიყო შეაკავებდა მეწყერს და ღვარცოფს

20/02/2024

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ ბრიფინგი გამართა, სადაც შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გავრცელებულ ყალბ ინფორმაციებთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში არსებულ ყველა შეკითხვას რომ ამომწურავი პასუხი გასცემოდა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შეფასების პროცესში ჩართო შვეიცარიელი ექსპერტები, რომელთაც ევროპის მასშტაბით მსგავსი სტიქიური მოვლენების შეფასების მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. შვეიცარიელმა სპეციალისტებმა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შეისწავლეს და გადაამოწმეს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მოპოვებული და დამუშავებული მასალები, რის შედეგადაც მათ დაადასტურეს პირველად დასკვნაში გამოქვეყნებული ყველა ძირითადი ასპექტი, რითაც პასუხი გაეცა საზოგადოების ყველა კითხვას. კომიტეტის თავმჯდომარემ დეტალურად გამოყო ყველა ის საკითხი, რომელთა თაობაზეც დაუსაბუთებელი მოსაზრებები ვრცელდება. მისი თმით, შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნით დადასტურდა, რომ სტიქიის განვითარებამდე, მდინარე ბუბისწყლის აუზში წყლის გრძელვადიან შეგუბებას ადგილი არ ჰქონია, რასაც ადასტურებს სტიქიამდე დაახლოებით 3 საათით ადრე გადაღებული სატელიტური სურათები და მდინარე ჭანჭახზე (რიონის შესართავთან) არსებული ჰიდროლოგიური სადგურის მონაცემები. უცხოელი ექსპერტების დასკვნით შოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზად დასახელდა კლიმატის ცვლილების ფონზე მყინვარის ინტენსიური დნობა, რამაც გამოიწვია მყინვარი ბუბას სათავეებში 1 მილიონი კუბური მეტრი კლდე-ზვავის ჩამოშლა, რამაც ხელი შეუწყო ჯამში 4 მილიონი კუბური მეტრი მეწყრისა და ღვარცოფის ფორმირებას. მეორე საკითხი, რომელზეც მაია ბითაძემ ყურადღება გაამახვილა, ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით გავრცელებული ხმაა, რომელიც თითქოს სტიქიის ერთ-ერთი მიზეზი იყო. მისი თქმით, შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნაში ხე-ტყის უკანონო ჭრა სტიქიის გამომწვევ მიზეზად არ სახელდება. მით უფრო, რომ იმ ტერიტორიაზე ტყე არ არის.

„საზოგადოებაში ამბობდნენ, რომ თითქოს კაპიტალური დამცავი ნაგებობა რომ ყოფილიყო შეაკავებდა მეწყერს და ღვარცოფს და არ ექნებოდა ასეთი დამანგრეველი შედეგები. შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნით, მსგავსი ტიპის ხეობებში, კაპიტალური დამცავი ნაგებობების მშენებლობა ასეთი მასშტაბის სტიქიურ პროცესებს ვერ შეაკავებდა. მსოფლიოში ამ დროისთვის საუკეთესო და ყველაზე ეფექტიან გზას, ადამიანებისა და ინფრასტრუქტურის დასაცავად, ტერიტორიის სწორი სივრცითი დაგეგმარება წარმოადგენს. ასევე ამბობდნენ რომ თითქოს განგაშის სისტემის არსებობის შემთხვევაში შეიძლებოდა ტრაგედიის თავიდან აცილება. სინამდვილეში, შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნით საუკეთესო და ყველაზე თანამედროვე განგაშის სისტემების არსებობის შემთხვევაშიც კი, გაფრთხილების დრო იმდენად მცირეა, რომ არათუ სტიქიის ზონიდან, არამედ მიმდებარე დასახლებებიდანაც კი მოსახლეობის დროული ევაკუაცია ხშირ შემთხვევაში თეორიულადაც კი შეუძლებელია“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

მან ბრიფინგზე ასევე ისაუბრა შვეიცარიელი ექპერტების მიერ გაცემულ რეკომენდაციებზე, რომლის შესაბამისადაც საჭიროა საქართველოს ტერიტორიაზე მყინვარული ხეობების ქვემო წელში არსებული დასახლებული პუნქტების და ინფრასტრუქტურის საფრთხეების/რისკების შეფასება, რისკის ზონაში არსებული დასახლებული პუნქტების იდენტიფიცირება და შესაბამისი პირველადი რეკომენდაციების მომზადება.

“ასევე შესაძლებელია დეტალური კვლევების საფუძველზე, ცალკეულ შემთხვევაში მონიტორინგისა და გაფრთხილების კომპლექსური სისტემების გამოყენებაც. ექსპერტების რეკომენდაციით, მდინარე ბუბისწყლის ხეობაში სტიქიის გავრცელების არეალში (26 ჰა) დაუშვებელია რაიმე სახის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული შენობა-ნაგებობების ფუნქციონირება. ასევე, აღნიშნულ ხეობაში და კურორტ შოვის სტიქიის გავრცელების არეალისათვის უნდა შემუშავდეს გადაადგილების წესები და მოეწყოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნები“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0