კანონმა ისეთი ხასიათი არ უნდა მიიღოს, რომ ყველა დასახლება სამთო ან საპორტო დასახლებად გადაიქცეს

01/03/2016

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თამაზ მეჭიაურის შეფასებით, მაღალმთიან დასახლებებთან დაკავშირებით შესაძლოა კანონი გადაიხედოს, მაგრამ ეს ისე არ უნდა მოხდეს, რომ მთელი ქვეყანა სამთო დასახლებად გადაიქცეს.

“შეიძლება შემოტანილი იყოს ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც აქეთკენ იქნება მიმართული, თუმცა ამან ისეთი ხასიათი არ უნდა მიიღოს, რომ ყველა სამთო დასახლებად ან საპორტო დასახლებად გადაიქცეს და საქართველოში სხვა დასახლებული პუნქტი არ გვქონდეს. თავის დროზე, მაღალმთიან დასახლებად განსაზღვრული იყო დასახლება 800 მეტრის ზემოთ და დღეს, როცა მთელი რიგი დასახლებები ამოვარდნილია, ამ შემთხვევაში, კანონი კიდევ საჭიროებს გადახედვას”, – განაცხადა მეჭიაურმა.

საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, ძალაში რჩება საგადასახადო შეღავათები იმ პირთათვის, რომლებიც 2016 წლის 1 იანვრამდე მოქმედი “მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ” კანონით მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებაში ცხოვრობდნენ და საქმიანობდნენ. მათთვის 2016 წლის 1 იანვარამდე საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული შეღავათები კვლავაც განაგრძობს მოქმედებას. კერძოდ, მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები მრავალშვილიანი პირი, რომლის კმაყოფაზეა 18 წლის ასაკს მიუღწეველი სამი ან მეტი შვილი, აღნიშნულ მაღალმთიან დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება. მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პირს, რომლის კმაყოფაზეა ერთი ან ორი 18 წელს მიუღწეველი შვილი, აღნიშნულ მაღალმთიან დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან ხელფასის სახით მიღებული 3000 ლარამდე შემოსავლის გადასახადი 50%-ით უმცირდება.
ამასთან დაკავშირებით კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გაკეთდა განმარტება იმის შესახებ, რომ ყველა იმ დასახლებულ პუნქტს, რომელსაც მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ძველი კანონით ჰქონდა მინიჭებული, იმის მიუხედავად, რომ აღნიშნული სტატუსის მოთხოვნებს ახალი კანონით ვერ აკმაყოფილებს, საგადასახადო შეღავათი შეუნარჩუნდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0