კანონით გათვალისწინებული გამკაცრებული ჯარიმები ძალაში შევიდა 19 ივლისიდან

20/07/2022

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რაც ითვალისწინებს მწვანე ნარგავების დაზიანების ან თვითნებურად გაჩეხის შემთხვევაში, ასევე, მოვლა-აღდგენის წესების დარღვევისთვის ჯარიმების გამკაცრებას. მისი თქმით, მსგავსი დარღვევებისთვის, პირველ შემთხვევაში, ჯარიმა 500 ლარის ნაცვლად, 5 000 ლარი იქნება, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, 1 000 ლარის ნაცვლად, 10 000 ლარი.

„არაერთხელ გვითქვამს, რომ დედაქალაქში მწვანე ნარგავების მოვლა, შენარჩუნება, მათი განახლება ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ბოლო წლებში, 2017 წლიდან დღემდე, საზოგადოება ხედავს, თუ რამდენი კარგი პროექტი განხორციელდა ამ მიმართულებით. ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობას, რადგან ჯანსაღი და მწვანე გარემო პირდაპირ აისახება ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობასა და ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. გვაქვს ბევრი შემთხვევა, როდესაც ჯანსაღ ხეებს ჭრიან, მიზანმიმართულად აზიანებენ, რომ შემდეგ მშენებლობა დაიწყონ. პარლამენტს წარვუდგინეთ კანონპროექტი, რაც ითვალისწინებს მწვანე ნარგავების დაზიანების ან თვითნებურად გაჩეხის შემთხვევაში, ასევე, მოვლა-აღდგენის წესების დარღვევისთვის ჯარიმების გამკაცრებას. კერძოდ, პირველ შემთხვევაში, ჯარიმა იქნება 5 000 ლარი (ნაცვლად დღეს არსებული 500 ლარისა), ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ჯარიმა იქნება 10 000 ლარი (ნაცვლად დღეს არსებული 1 000 ლარისა). ამავე კანონის მიხედვით, პირი, რომელიც მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე გასცემს არასწორ დასკვნას, დაჯარიმდება 10 000 ლარის ოდენობით პირველ ჯერზე, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, შეიძლება ლიცენზია ჩამოერთვას და საქმიანობა აეკრძალოს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისის მერიამ მსგავსი ცვლილებების პროექტით საქართველოს მთავრობასაც მიმართა და დედაქალაქში შენობა-ნაგებობის განთავსება საპროექტო ტერიტორიის იმ ნაწილზე, სადაც მწვანე ნარგავების უნებართვო განადგურება მოხდა, დაუშვებელი იქნება.

„პარლამენტმა კანონი უკვე მიიღო და გამოაქვეყნა. შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული გამკაცრებული ჯარიმები ძალაში შევიდა 19 ივლისიდან. მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტის თითოეულ წევრს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის. მწვანე ნარგავების უკანონო გაჩეხის პრევენციის მიზნით, შესაბამისი ცვლილებების პროექტით ჩვენ ასევე, მივმართეთ საქართველოს მთავრობას, რომელმაც მიიღო დადგენილება. აღნიშნული დადგენილების მიხედვით, დედაქალაქში შენობა-ნაგებობის განთავსება საპროექტო ტერიტორიის იმ ნაწილზე, სადაც მწვანე ნარგავების უნებართვო განადგურება მოხდა, დაუშვებელი იქნება. მსგავს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვა გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უნებართვოდ განადგურებულ მწვანე ნარგავებზე მერიის შესაბამისი სამსახური, კომპეტენციის ფარგლებში, ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე და კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღებდა გადაწყვეტილებას მოჭრის ან გადარგვის შესახებ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ დედაქალაქის მერია გარე ვაჭრობის აღკვეთის ღონისძიებებს განაგრძობს და გარე მოვაჭრეებს ალტერნატიულ სივრცეს სთავაზობს. კახა კალაძის განცხადებით, მოვაჭრეები ეკონომიკურ საქმიანობას მოწესრიგებულ სივრცეში, კანონის შესაბამისად განაგრძობენ.

„ბოლო პერიოდში თბილისის მერიამ განახორციელა ღონისძიებები მეტროების მიმდებარე ტერიტორიებზე გარე ვაჭრობის აღკვეთის მიზნით, რაც კანონით დაუშვებელია. ქალაქში არსებობს კონკრეტული ადგილები, სადაც გარე ვაჭრობა ხდება. ჩვენ რამდენჯერმე მოგვიწია განცხადებების გაკეთება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კატეგორიულად მიუღებელია. კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიის მოსაწესრიგებლად. იგივე იყო სამგორში, გლდანში. რამდენიმე დღის წინ მუნიციპალურმა ინსპექციამ გარე მოვაჭრეებს რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზეც მისცა შესაბამისი გაფრთხილება და შეთავაზება, რომ ათი დღის ვადაში, ბაზრობების შიდა ტერიტორიაზე გადასულიყვნენ. გარკვეული ნაწილი ამას დათანხმდა, თუმცა, იყო დარჩენილი ადამიანები, ვინც საქმიანობას ბაზრობის გარე ტერიტორიაზე განაგრძობდა. კარგად მესმის, რომ ადამიანებს უჭირთ და ვინც იქ დგას, დალხენილი არავინაა. ადამიანები ეწევიან ეკონომიკურ საქმიანობას და ეს ყველაფერი უნდა იყოს მოწესრიგებული, ცივილური ფორმით. მინდა, ბაზრობის ადმინისტრაციას მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის, რადგან მათ გარე მოვაჭრეების ხელშეწყობის გადაწყვეტილება მიიღეს. ამ ტენდენციას განვაგრძობთ და მსგავსი სივრცეები კანონის შესაბამისად მოწესრიგდება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ აქვე, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა. ამასთან, დედაქალაქის მერმა უკანონო მშენებლობების საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტის მერია სახელმწიფო მიწების მიტაცების შესაძლებლობას არავის მისცემს.

„რამდენიმე დღის წინ სამგორის რაიონში ჩვენმა სამსახურებმა განახორციელეს დემონტაჟი იმ მშენებარე ნაგებობების, რომელიც სახელმწიფო მიწებზე უკანონოდ არის განთავსებული. სახელმწიფო მიწების მიტაცების ფაქტები გრძელდება. ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ და არავის მივცემთ შესაძლებლობას, სახელმწიფო მიწები მიიტაცონ. შემდეგ გამოდიან და სპეკულირებენ სოციალურად დაუცველის სტატუსით. ასეთ ოჯახებს ვეხმარებით და ჩვენი პროგრამებით გვერდით ვუდგავართ. ვისაც უსახლკაროს სტატუსი აქვს, უზრუნველვყოფთ საცხოვრებელი ფართებით. თუ სტატუსი არ აქვთ მიღებული, შესაძლებლობა აქვთ, ქირით გავიდნენ, რასაც ჩვენ ვიხდით. ყველას დავეხმარებით, ვისაც მართლა უჭირს და ჩვენი დახმარება სჭირდება, მაგრამ მიწების მიტაცების და იქ უკანონო შენობების განთავსების საშუალებას არავის მივცემთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის მერია უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებისთვის ბინების შესყიდვის პროცესს განაგრძობს. პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, ჯამში, 53 ბინაა შესყიდული.

„მინდა, მოსახლეობას მივაწოდო ინფორმაცია უსახლკაროთა საცხოვრებლებით უზრუნველყოფის პროგრამის შესახებ, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს. 53 ბინა არის შეძენილი და ხდება ამ ოჯახების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება. უსახლკაროს სტატუსი, დაახლოებით, 400-მდე ოჯახს აქვს. ჩემი საარჩევნო დაპირება იყო, რომ არცერთი უსახლკარო თბილისელი საცხოვრებელი ფართის გარეშე არ დარჩება. ყველას გვერდით დავუდგებით და მომდევნო წლების განმავლობაში, ყველა ასეთი ოჯახი ბინებით იქნება დაკმაყოფილებული. ვისაც სტატუსი ჯერ არ აქვს, უნდა მიმართოთ შესაბამის უწყებას, რომელიც აგიხსნით, თუ რა დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოთ სტატუსის მისაღებად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქცია და კაპიტალური სარემონტო სამუშაოები დაიწყო.

„დავიწყეთ მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქცია და კაპიტალური სარემონტო სამუშაოები. პროექტის მიხედვით, ჩატარდება შემდეგი სამუშაოები: კონსტრუქციების გამაგრება და დრენაჟის მოწყობა; ვესტიბიულისა და სამეურნეო ოთახების შეკეთება/განახლება; საინჟინრო ქსელების შეკეთება–განახლება; ინტერიერის (იატაკის, კედლებისა და ჭერის) მოსაპირკეთებელი სამუშაოები, კერძოდ, ტაქტილური ბილიკების მოწყობა, ფასადის მოპირკეთება; სახურავის მოწყობა (ჰიდროიზოლაციისა და წყლის გადაყვანის სისტემების მოწყობა). ასევე, ის მწვანე კედელი, რომელიც გარე ფასადზე იყო, შენარჩუნდება და ახლებური სისტემით გაკეთდება. დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული ტერიტორია – მეტროსადგური „ავლაბარი“, ავლაბრის მოედანი და ქეთევან დედოფლის გამზირი ერთ-ერთი საუკეთესო იქნება დედაქალაქში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მირიან მეფის ქუჩაზე, თამარ მეფის გამზირზე და ბალანჩინის ქუჩაზე გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოებია დაგეგმილი. დისკომფორტის შემცირების მიზნით, ინტენსიური საგზაო სამუშაოები ღამის საათებში ჩატარდება.

„მირიან მეფის ქუჩაზე, თამარ მეფის გამზირზე და ბალანჩინის ქუჩაზე დაგეგმილია გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომლის ფარგლებში, გათვალისწინებულია არსებული საგზაო კუნძულების, ტროტუარებისა და გზის სავალი ნაწილის რეკონსტრუქცია/მოდერნიზება და ავტობუსისთვის განკუთვნილი ზოლის დახაზვა. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქში იყოს ყველაზე კომფორტული და სწრაფი. ჩვენი პოლიტიკა მიმართულია იქითკენ, რომ სადაც შესაძლებელია, რაც შეიძლება მეტი საავტობუსე ზოლები მოვაწყოთ. თამარ მეფის გამზირზე სამუშაოები იწარმოებს ღამის განმავლობაში – 00:00-06:00 საათამდე, ხოლო მირიან მეფის ქუჩაზე საგზაო კუნძულის გარშემო არსებული გზის სავალი ნაწილი შეიზღუდება ერთი ზოლით. აღნიშნული სამუშაოების განმავლობაში, სატრანსპორტო მოძრაობის მიმართულებები უცვლელი დარჩება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა საზოგადოებას შექმნილი დისკომფორტის გამო, ბოდიში მოუხადა.

„მინდა, მოსახლეობას ბოდიში მოვუხადო დისკომფორტისთვის, რასაც, რასაკვირველია, ნებისმიერი ასეთი ღონისძიება იწვევს. ჩვენ მიზანმიმართულად ავირჩიეთ ეს პერიოდი, რადგან ნაკლები ავტომობილი გადაადგილდება და ქალაქიდან ბევრი ადამიანი გადის. შესაბამისად, მსგავსი ტიპის სამუშაოების წარმოება ამ პერიოდშია მიზანშეწონილი“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ კიდევ ერთ ინფრასტრუქტურულ პროექტზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ისნის რაიონის გამგეობამ განახორციელა. კერძოდ, ავლიპ ზურაბაშვილის ქუჩაზე, ორი მჭიდროდ დასახლებული უბნის დასაკავშირებლად, მიწისქვეშა გადასასვლელი მოეწყო.

„ისნის რაიონის გამგეობამ ავლიპ ზურაბაშვილის ქუჩაზე, სარკინიგზო მაგისტრალის ქვეშ, ორი მჭიდროდ დასახლებული უბნის დამაკავშირებელი, ფეხით მოსიარულეთა მიწისქვეშა გადასასვლელი მოაწყო. აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწისქვეშა გადასასვლელის მოწყობა გვენცაძის, პაპიაშვილის, ბუშის ქუჩის, გუჯარეთის 1-2 და მელაანის 1-2-3-4 შესახვევების მცხოვრებლების დიდი ხნის სურვილი იყო. დღესასწაულების დროს, პეტრე-პავლეს სასაფლაოსა და ეკლესიაში მიმავალი მოქალაქეებისათვის დიდ პრობლემას წარმოადგენდა აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება, რადგან სარკინიგზო ლიანდაგებზე გადასვლა ხშირად სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი იყო. ადგილობრივი მოსახლეობა აღნიშნული პროექტის განხორციელებით კმაყოფილია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მიწისქვეშა გადასასვლელის მოწყობისთვის ისნის რაიონის გამგეობის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პროექტის განხორციელება 2021 წელს დაიწყო და რამდენიმე კვირის წინ დასრულდა. კახა კალაძის განცხადებით, პროექტის – „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, კიდევ ერთი ღონისძიება ჩატარდება. 23 ივლისს, დიდი დიღმის ახალ პარკში ბენდ Killages კონცერტი და სხვადასხვა საბავშვო და სპორტული აქტივობა გაიმართება.

„გრძელდება პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“, რომლის ფარგლებშიც, 23 ივლისს დიდი დიღმის ახალ პარკში (მირიან მეფის ქუჩა) დაგეგმილი გვაქვს ღონისძიება, რომელზეც წარმოდგენილი იქნება პოპულარული ახალგაზრდული ბენდის – Killages კონცერტი, საბავშვო გასართობი, შემეცნებითი აქტივობები, თეატრალური წარმოდგენები და სპორტული აქტივობები. ღონისძიების ფარგლებში, სხვადასხვა აქტივობა 18:00-დან 23:00 საათამდე პერიოდში გაიმართება. კონცერტი დაიწყება 21:00 საათზე. ასევე, წარმოდგენილი იქნება DJ-ის პროგრამა. რაც შეეხება საბავშვო ნაწილს, რომელიც 18:00 საათზე დაიწყება, ღონისძიებაზე მისულ პატარებს მეზღაპრის, ხატვისა და ილუსტრატორთა კუთხეები, თითებისა და მოზარდ-მაყურებელთა თეატრების სპექტაკლები დახვდებათ, სპორტულ ნაწილში კი გოლფის, მაგიდის ჩოგბურთის, ტექბოლისა და ვირტუალური (VR) სივრცეები იქნება წარმოდგენილი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“ ივლისის ბოლომდე გაგრძელდება.

„აგვისტოში გარკვეული პაუზა გვექნება, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი ქალაქიდან გადის. შესაბამისად, აგვისტოს ბოლოდან ან სექტემბრიდან პროექტი ისევ გაგრძელდება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ საზოგადოებას უწყების კიდევ ერთი დამსახურებული თანამშრომელი – ნათია ჯანელიძე წარუდგინა, რომელიც შპს „თბილსერვის ჯგუფის“ გარე განათების დეპარტამენტის თანამშრომელია.

„მინდა, საზოგადოებას წარვუდგინო უწყების კიდევ ერთი დამსახურებული თანამშრომელი – ნათია ჯანელიძე, რომელიც შპს „თბილსერვის ჯგუფის“ გარე განათების დეპარტამენტის თანამშრომელია. ქალბატონი ნათია 20 წელია გარე განათების დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის საექსპლუატაციო-სარემონტო სამსახურში მუშაობს. მან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტი დაამთავრა. პროფესიით ინჟინერ-ენერგეტიკოსმა, დამამთავრებელ კურსზე, „განათების სამსახურში“, გამოსაცდელი ვადით, მემონტაჟედ დაიწყო მუშაობა. სტაჟირების წარმატებით დასრულებისთანავე, იგი სამსახურში აიყვანეს და მას შემდეგ, აგერ უკვე 20 წელია, დედაქალაქს ღირსეულად ემსახურება. მინდა, ნათია ჯანელიძეს დიდი მადლობა გადავუხადო გაწეული შრომისთვის და მომავალშიც წარმატებები ვუსურვო. ერთობლივად ბევრი საინტერესო, მნიშვნელოვანი პროექტი გვაქვს დაგეგმილი. ეს ყველაფერი პირველ რიგში, კეთდება ამ ქალაქისთვის და აქ მცხოვრებლებისთვის“, – განაცხადა თბილისის მერმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0