საქართველოსა და კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის მიმდინარე პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი კანადაში შეხვედრებს განაგრძობს.
2016 წლის 12 მაისს მინისტრის პირველმა მოადგილემ შეხვედრა გამართა კანადის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარესთან რობერტ ნოლტთან, ასევე ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილეებთან, წარმომადგენელთა პალატის წევრებთან, კრის ბიტლთან და შერილ გალანტთან.
შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და კანადას შორის პარლამენტთაშორისი ურთიერთობების გააქტიურებაზე და საპარლამენტო დელეგაციების ვიზიტების გაცვლის შესაძლებლობაზე.
ქართულმა მხარემ ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ქვეყნის ვერო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე. მიმოიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება.
ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს საგარეო პოლიტიკური მისწრაფებების განხორციელების კუთხით.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილეებთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნატოს 2016 წლის ვარშავის სამიტის მოსამზადებელ საკითხებს. ამ მხრივ აღინიშნა ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის სათანადოდ ასახვის მნიშვნელობა. კანადურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხის მხარდაჭერა.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა მინისტრის პირველი მოადგილის საჯარო გამოსვლა კარლტონის უნივერსიტეტის ევროპის, ევრაზიისა და რუსეთის სწავლებების ინსტიტუტში თემაზე „საქართველო დასავლეთისკენ: გამოწვევები და შესაძლებლობები.“ საკუთარ გამოსვლაში დავით ზალკალიანმა დეტალურად მიმოიხილა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, ისაუბრა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმებზე. გამოსვლის დასრულების შემდგომ დავით ზალკალიანმა უპასუხა დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს.
კანადაში საქართველოსთან პარლამენტთაშორისი ურთიერთობის გააქტიურებაზე იმსჯელეს
13/05/2016