მე და დიმიტრი ხუნდაძე ერთად ვსწავლობდით ჟურნალისტებთან შეხვედრას, რაც ჩემთვის ყველაზე მძიმე იყო – კამერას რომ დავინახავდი, შაქარი მიწევდა, იმდენად მერიდებოდა, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა იმერეთში რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა. ივანიშვილმა ცეზარ ჩოჩელთან დაკავშირებით გაკეთებულ გაცხადებაზე განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ ცეზარ ჩოჩელი იმ მაჟორიტარებში აერია, რომლებიც ”ნაციონალური მოძრაობიდან” შევიდნენ პარლამენტში, თუმცა შემდეგ ”ქართული ოცნების” მხარეს გადმოვიდნენ.
”ჩოჩელი გუბერნატორი ყოფილა, საერთოდ არ ვიცნობ და ზედმეტი დახასიათება გამომივიდა, რაზეც მძიმე საყვედური მივიღე მცხეთის მაჟორიტარობის კანდიდატ დიმიტრი ხუნდაძისგან. ბოდიშიც მოვუხადე, რამეთუ მართლაც შემეშალა. დიმიტრი ხუნდაძე არის ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი მეომარი, რომელიც საოცრად არაორდინალურად ჩაერთო ჩვენს გუნდში. როდესაც მოვედი პოლიტიკაში 2011 წელს, გახსოვთ, როგორი სიტუაცია იყო. დიმიტრი ხუნდაძე გახლდათ ჩემი ოჯახის ექიმი, ძალიან კვალიფიციური ექიმია. მას რჩევებს ვეკითხებოდი. მცხეთაში ვისზეც აქცენტი გავაკეთეთ, რამდენჯერმე ჩაგვეშალა. ამ პროცესში სულ მეხმარებოდა. დავრჩით ისე, რომ კანდიდატი აღარ გვყავდა. შევხედე და ვკითხე, ხომ არ წახვალ-მეთქი. უი, რას ამბობ, ბატონო ბიძინა, არასდროს არ მიფიქრია პოლიტიკაზეო. ასეთი კაცი ასე დავითანხმე, ასე შემოვიდა, ძალიან ნიჭიერი კაცია და სწრაფად გადაეწყო. მე და დიმიტრი ერთად ვსწავლობდით ჟურნალისტებთან შეხვედრას, რაც ჩემთვის ყველაზე მძიმე იყო, არ დაგიმალავთ. კამერას რო დავინახავდი, შაქარი მიწევდა, იმდენად მერიდებოდა. ასეთი იყო დიმიტრი ხუნდაძე. ძალიან წესიერი პიროვნებაა. გამოვიდა ის, რომ ჩოჩელს დამოუკიდებელ კანდიდატად დაუყენებია თავი მცხეთაში, მე ის გუნდის წევრად დავასახელე და ამერია გოჩა ენუქიძეში. ასეთი გადაცდომა მომივიდა”, – განაცხადა ივანიშვილმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიმიტრი ხუნდაძე არის პროფესიონალი, ”ქართული ოცნების” ღირსეული წევრი და ივანიშვილმა ამომრჩეველს მოუწოდა, რომ ხუნდაძეს მხარი დაუჭირონ.