საქართველოს კაიაკინგის ეროვნული ფედერაციის ინიციატივითა და ძალისხმევით მიმდინარე წლის 6-7 მაისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, მდინარე ბჟუჟზე მასშტაბური სპორტული ღონისძიება ექსტრემალური კაიაკინგის საერთაშორისო ჩემპიონატი- “BZHUZHA RACE” ჩატარდება, რომელსაც ორგანიზებას გურიის სამხარეო ადმინისტრაცია გაუწევს.
ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს გურიის გუბერნატორის მოადგილეები სოსო ერქომაიშვილი და გია ებრალიძე ჩემპიონატის ორგანიზატორებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა ამ დროისთვის დარეგისტრირებულია 11 ქვეყნის (საქართველო, უკრაინა, რუსეთი, ლატვია, პოლონეთი, სლოვენია, ესტონეთი, საფრანგეთი, ბელგია, გაერთიანებული სამეფო, ნორვეგია) წარმომადგენელი – 42 სპორტსმენი. შეჯიბრის კვალიფიკაცია და ძირითადი რბოლა – „გრძელი დაშვება“- მდინარის ძირითად ჩქერებს მოიცავს, რომელთა სირთულეც II – IV კატეგორიით განისაზღვრება, ხოლო ფინალი მის ყველაზე რთულ და ექსტრემალურ მონაკვეთზე ჩატარდება.
გუბერნიაში გამართულ შეხვედრას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ბადრი გობრონიძე, ქალაქ ოზურგეთის მერიისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები დაესწრნენ.
კაიაკინგის საერთაშორისო ჩემპიონატი “BZHUZHA RACE” გურიაში ჩატარდება
26/04/2016