„საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. კავკასიის უსაფრთხოების მთავარი ღერძი საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობაზე გადის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 105-ე წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებაზე განაცხადა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესებაზე. მისი თქმით, შეირაღებული ძალები ქვეყნის სიამაყე და სიძლიერეა.
„ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა ხელი შევუწყოთ უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესებას ჩვენს რეგიონში. ამ ისტორიულ დღეს, მსურს, ხაზი გავუსვა შეიარაღებული ძალების მნიშვნელობას არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნების დაცვაში, არამედ ჩვენი ხალხების მშვიდობიანი ყოფის უზრუნველყოფაში. შეირაღებული ძალები ქვეყნის სიამაყე და სიძლიერეა. აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს ვუსურვებ აზერბაიჯანის სახელმწიფოს ღირსეულად მსახურებას. კიდევ ერთხელ ვულოცავ აზერბაიჯანელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს და შეიარაღებული ძალების დღეს და ვუსურვებ მშვიდობას, წარმატებასა და კეთილდღეობას”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.