კაბელების საქმეზე ბრალდებულებს თანავუგრძნობ

16/05/2016

პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით, „კაბელების საქმეზე“ ბრალდებულებისთვის 7 წლიანი პატიმრობის შეფარდება, ადამიანურად ძალიან მძიმეა, თუმცა, კობახიძე მიიჩნევს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკურ მოტივებზე საუბარი გაუმართლებელია.

„ადამიანები როცა არიან გირაოს ქვეშ თავისუფლებაში და მათი თავისუფლების აღკვეთა ხდება უკვე სასამართლო დარბაზში, ეს გადაწყვეტილება რა თქმა უნდა ადამიანურად მძიმე მისაღებია. მე თანავუგრძნობ მათ და მათ ოჯახებს, მაგრამ მეორეა, თუ სასამართლო პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით მივიდა ამ გადაწყვეტილებამდე, ბუნებრივია მან დააყენა ის განაჩენი, რაც ჩვენ ვნახეთ დღეს, ამ შემთხვევაში მხარე თუ მას არ ეთანხმება უნდა გაასაჩივროს.
პოლიტიკურ მოტივებზე საუბარი არ მიმაჩნია, რომ იყოს გამართლებული. დღეს, ჩვენს ქვეყანაში გვაქვს მოცემულობა, როდესაც იგივე „ქართული ოცნების“ პარტიის თავჯდომარე კრწანისის რაიონში ჩვენ დღეს გვყავს პასუხისგებაში მიცემული, გარკვეული ფინანსური დანაშაულისთვის და არა ერთი შემთხვევაა, როცა სწორედ მმართველი პარტიის წევრები არიან პასუხისგებაში მიცემული. ასევე გვაქვს რეალობა, როდესაც სწორედ წინა რეჟიმის თანამდებობის პირები , იგივე ბაჩო ახალაია თუ სხვა პირების მიმართ განაჩენი დადგა გარკვეულ შემთხვევებში ან გამამართლებელი ან ბრალი მოეხსნათ, ანუ სასამართლო იღებს იმ გადაწყვეტილებას, რასაც თვლის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა მიიღოს. ამიტომ, სასამართლოზე გავლენებზე საუბარი არ მგონია იყოს სწორი და შესაბამისად, ნებისმიერი პროტესტი უნდა გადაწყდეს სასამართლოში გასაჩივრების გზით“, – განაცხადა კობახიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0