იქნება გარკვეული გამონაკლისი შემთხვევები, რაზეც ეს რეგულაცია არ გავრცელდება

20/12/2023

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი მომავალი წლის იანვრიდან „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების“ პროგრამის ყველა მოსარგებლეს სრულად დააფინანსებს.

„პროგრამის ფარგლებში, ძვირადღირებული სამკურნალო მედიკამენტები სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი მოქალაქეების მსგავსად, პროგრამის ყველა მოსარგებლეს 100%-ით დაუფინანსდება. ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური, აღნიშნულ ცვლილებამდე, პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას სოციალურად დაუცველის სტატუსის არ მქონე პირებს მხოლოდ 80%-ით, რიგ შემთხვევაში კი – 50%-ით უფინანსებდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კი პაციენტებისა და მათი ოჯახების ფინანსურ ტვირთს მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ძუძუს კიბოს ადრეული სტადიის შემთხვევაში, ერთ პაციენტს თბილისის მერია წლის განმავლობაში მინიმუმ 21 600 და მაქსიმუმ – 61 150 ლარით აფინანსებს, ხოლო მეტასტაზური ფორმის შემთხვევაში, მინიმუმ 40 500 და მაქსიმუმ 65 340 ლარით.

„ყველამ იცით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამები. ბევრი კარგი პროგრამა გვაქვს, რომლითაც იმ ადამიანებს და ოჯახებს ვეხმარებით, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი თანადგომა. ეს დამოკიდებულება გაგრძელდება მომავალშიც. მსგავსი პროგრამებით ყველას გვერდით დავუდგებით, ვისთვისაც ეს მნიშვნელოვანია. მინდა, პირველ რიგში, ყველას ჯანმრთელობა ვუსურვო, რათა არავის არასდროს დასჭირდეს აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობა,“ – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მთავრობის სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც დედაქალაქის კონკრეტულ ადგილებში დიდი გაბარიტების მქონე ავტომანქანების გადაადგილებაზე შეზღუდვის დაწესებას ითვალისწინებს. თბილისის მერის განცხადებით, შეზღუდვა M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებისთვის 08:00-11:00 საათებსა და 17:00-20:00 საათების შუალედში იმოქმედებს.

„პარლამენტის მხარდაჭერით მიღებულია კანონი, რომელიც დროის გარკვეულ მონაკვეთში, დედაქალაქის კონკრეტულ ადგილებში კრძალავს დიდი გაბარიტების მქონე მანქანების გადაადგილებას. წინა მთავრობაზე დავავალე ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს, რომ შესაბამისი სექტორის წარმომადგენლებთან კომუნიკაციის საფუძველზე მომზადებულიყო წესი საკრებულოში წარსადგენად. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ „საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან“ და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, მაქსიმალურად გავითვალისწინეთ მათი თხოვნები, შესაძლებლობები, შევაჯერეთ პოზიციები და მივიღეთ ოპტიმალური გადაწყვეტილება, რომელიც არ დააზარალებს არც კერძო სექტორს და თავისი მხრივ, დადებით გავლენას იქონიებს ქალაქში გადაადგილებაზე, განსაკუთრებით პიკის საათებში. ეს წესი ამოქმედდება 2024 წლის 1-ელი იანვრიდან. საკრებულოს მიერ დასამტკიცებელი წესის მიხედვით, თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, აიკრძალება M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, 08:00-11:00 საათებსა და 17:00-20:00 საათების შუალედში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, შეზღუდვა არ იმოქმედებს შაბათ-კვირას, უქმე დღეებსა და აგვისტოში.

„ამასთან, მოძრაობა აიკრძალება მხოლოდ ქალაქის გარკვეულ ტერიტორიაზე, იმ მონაკვეთებში, სადაც პიკის საათებში დიდია ნაკადები და გადაადგილება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ეს შეზღუდვა არ იმოქმედებს შაბათს და კვირას, შრომის კოდექსით გათვალისწინებულ უქმე დღეებში და აგვისტოში. ვფიქრობთ, აგვისტო იყოს გადაადგილებისთვის თავისუფალი, რადგან, როგორც წესი, ამ პერიოდში ქალაქი შედარებით თავისუფალია, მოსახლეობა გადის დასასვენებლად და ამიტომ, ეს გამონაკლისი შესაძლებელია რომ დაშვებულ იქნას“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, იქნება გარკვეული გამონაკლისი შემთხვევები, რაზეც ეს რეგულაცია არ გავრცელდება.

„რეგულაცია არ გავრცელდება შემდეგ სატრანსპორტო საშუალებებზე: საზოგადოებრივ ტრანსპორტზე; საავარიო, ასევე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი შემთხვევების აღმოსაფხვრელად საჭირო ტრანსპორტზე, (სასწრაფო დახმარების, სამაშველო, სახანძრო, საევაკუაციო და ა.შ. ტრანსპორტი); მუნიციპალური ან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე; მოსწავლეებისა და სტუდენტების გადაადგილებისათვის საჭირო ტრანსპორტზე; ტურისტული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე; ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ პირებზე; ბეტონმზიდ სატრანსპორტო საშუალებებზე; ნავთობპროდუქტების გადამზიდავ ტრანსპორტზე 08:00-11:00 საათების შუალედში; ასევე, გამონაკლისი დაიშვება სადისტრიბუციო საქმიანობისთვის განკუთვნილ ტრანსპორტზე 08:00-11:00 საათების შუალედში. აღნიშნული კატეგორიისთვის ეს გამონაკლისი იმოქმედებს მხოლოდ 2024 წლის პირველ სექტემბრამდე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერის თქმით, აღნიშნული წესის დარღვევისთვის ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელები დაჯარიმდებიან 1 000 ლარის ოდენობით.

„აღნიშნული წესების დარღვევისთვის გათვალისწინებული იქნება ჯარიმაც. პირველ შემთხვევაზე 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებით და ყოველ შემდგომ შემთხვევაზე – 3 000 ლარის ოდენობით. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ დღეს დედაქალაქში ძალიან რთული სიტუაციაა პიკის საათებში გადაადგილების კუთხით, რასაც დიდწილად ხელს უწყობს დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილები. აღარ დავუბრუნდები მიზეზების ახსნას. აღნიშნული გადაწყვეტილება გარკვეულწილად ხელს შეუწყობს პრობლემის მოგვარებას“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ გამწვანების სამუშაოებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, ლისის ტბის მიმდებარედ, 16 ჰექტარ ფართობზე. დეგრადირებული ტყის აღდგენის მიზნით, მასშტაბური სამუშაოები განახორციელა.

„აღნიშნულ ტერიტორიაზე ცხრა სახეობის 16 000-ზე მეტი ძირი მცირე ზომის ხე დაირგო. გამწვანების სამუშაოების პარალელურად, მცენარეების დაცვის მიზნით, ტერიტორია შემოიღობა, ასევე, სარწყავი სისტემა მოეწყო“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერია ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, თბილისში მდებარე ტყის მასივების მოვლა-აღდგენის სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს.

„ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის დედაქალაქში არაერთი პროექტი განხორციელდა და ახლაც მიმდინარეობს. ერთ-ერთი მათგანია მთაწმინდის ფერდობის აღდგენა, რომელსაც საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ ახორციელებს. მადლობა ბიძინა ივანიშვილს და ფონდს, რადგან თბილისისთვის აღნიშნული პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, დედაქალაქის მერიამ, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, თბილისის მიმდებარედ, 37 ჰექტარზე აღადგინა და გააშენა დეგრადირებული ტყის ფართობები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ გლდანის რაიონის გამგეობამ მუხიანის აგარაკებზე სამეგრელოს ქუჩის მოწესრიგება დაასრულა. მისი თქმით, თბილისში არსებული პრობლემური ქუჩები, აღნიშნული ქუჩის მსგავსად, ეტაპობრივად მოწესრიგდება.

„სამეგრელოს ქუჩაზე სანიაღვრე სისტემასთან ერთად, 1 200 გრძივი მეტრი წყალარინების ქსელი მოეწყო და 5 100 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო. მუხიანის აგარაკები ერთ-ერთი რთული არეალი იყო, სადაც არაფერი არსებობდა, მათ შორის, არც მიწისქვეშა კომუნიკაციები. უბრალოდ გავლა იყო შეუძლებელი, განსაკუთრებით წვიმიან ამინდებში. ცენტრალურ ქუჩაზე მოეწყო საკანალიზაციო და სადრენაჟე სისტემები. ყველაფერი, რაც მიწისქვეშა კომუნიკაციების თვალსაზრისით იყო საჭირო, სრულად მოწესრიგდა. თბილისში პრობლემური ქუჩები ბევრია და ვცდილობთ, კონკრეტული არეალები ყოველწლიურად მოვაწესრიგოთ თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით. მუხიანის აგარაკებს რაც შეეხება, მომავალ წელსაც დაგეგმილი გვაქვს რამდენიმე ქუჩის მოწესრიგება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, მისივე განცხადებით, მსგავსი პრობლემა აწუხებს სოფელი დიღმის მოსახლეობასაც.

„იგივე პრობლემა აქვს სოფელ დიღმის მოსახლეობას მიწისქვეშა კომუნიკაციების არ არსებობის გამო. ეტაპობრივად, აღნიშნული ტერიტორიაც უნდა მოწესრიგდეს. ქალაქში მსგავსი პრობლემები არ უნდა არსებობდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0