თბილისის იუსტიციის სახლი იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაათვალიერა. პაოლო ჯენტილონის მასპინძლობა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გაუწია. თეა წულუკიანმა იტალიელ მინისტრს იუსტიციის სახლის მუშაობის სპეციფიკა და სერვისის პროცედურები გააცნო. სპეციალური ტურის ფარგლებში პაოლო ჯენტილონის საშუალება ჰქონდა, დაჰკვირვებოდა, თუ როგორ გაიცემა სერვისები თვითმომსახურების, სწრაფი და ხანგრძლივი მომსახურების სივრცეებში; რა სერვისის მიღებაა შესაძლებელი ელექტრონულად; რა დრო სჭირდება და როგორ ხორციელდება ბიზნესისა თუ ქონების რეგისტრაცია; პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემა და სხვ. იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში დღეს, 7 ნოემბერს, ეწვია. მან უკვე გამართა შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან. ვიზიტის ფარგლებში ის საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს პრეზიდენტსაც შეხვდება. დღესვე საგარეო საქმეთა სამინისტროს, იტალიის საელჩოსა და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ერთობლივი ორგანიზებით იტალია-საქართველოს მეგობრობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება, რომლის მუშაობაში საქართველოს იუსტიციის მინისტრიც მიიღებს მონაწილეობას.
იუსტიციის სახლს იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია
07/11/2016