იუსტიციის სახლის ოპერატორები პირველად დახმარებაში გადამზადდებიან

21/10/2016

რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ტრენერები იუსტიციის სახლის წინა ხაზის ოპერატორებს პირველად სამედიცინო დახმარებაში გადაამზადებენ. აღნიშნულ მემორანდუმს დღეს ხელი იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა, გივი აზაურაშვილმა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორმა, დავით ტორუამ და ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთი ხუციშვილმა მოაწერეს. მემორანდუმის ფარგლებში, იუსტიციის სახლის წინა ხაზის ოპერატორები პირველადი სამედიცინო დახმარების შესახებ სამკვირიან სწავლებას გაივლიან. ტრენინგის საშუალებით ისინი გულ-ფილტვის რეანიმაციას, სისხლდენის მართვას, ნახვევის გაკეთების სახეებს, ძლიერი სისხლდენის დროს იმპროვიზირებული ლახტის შექმნას, ეპილეფსიური გულყრისას დაზარალებულის უსაფრთხო პოზიციაში მოთავსებას, სასუნთქ-გზებში უცხო სხეულის გადაცდენისას გადაუდებელ დახმარებას, ტრავმის, ასევე გარემოს მავნე ფაქტორებით გამოწვეული დაზიანებების მართვასა და ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორის გამოყენებას შეისწავლიან. ტრენინგები 22 ოქტომბერს დაიწყება და ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრის ბაზაზე ჩატარდება. პირველ ეტაპზე სწავლებაში 19 ფილიალის 50-მდე თანამშრომელი ჩაერთვება. კურსის დასრულების შემდეგ კი, წარმატებულ კურსდამთავრებულებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცემათ. იუსტიციის სახლის თანამშრომლებისთვის პირველად სამედიცინო დახმარებაში სასწავლო კურსის ჩატარებას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი უზრუნველყოფს და „ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“ აფინანსებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0