იუსტიციის სამინისტრო ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მონაწილეობს

19/10/2016

იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული ღონისძიება ადამიანით ვაჭრობის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ, აგრეთვე, ევროკავშირის დელეგაციის წევრები საქართველოში, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული სამთავრობო უწყებები, საკითხით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციები.
იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა კონფერენციის მონაწილეებს ის სამუშაოები გააცნეს, რომლებსაც ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით იუსტიციის სამინისტრო და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო ატარებენ, მათ შორის, მიუსაფარ ბავშვთა დაცვის მიზნით გატარებული საკანონმდებლო რეფორმები. მოეწყო საგრანტო კონკურს „ქუჩაში მცხოვრებ ან/და მომუშავე ბავშვთა იდენტიფიცირებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის“ პრეზენტაცია.
18 ოქტომბერს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს ევროკავშირი 2005 წლიდან აღნიშნავს.
საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნისთვის, ადამიანით ვაჭრობასთან ბრძოლა პრიორიტეტული მიმართულებაა. მას კოორდინაციას უწევს ტრეფიკინგთან ბრძოლის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო, რომელიც იუსტიციის სამინისტროსთან ფუნქციონირებს. მასში გაერთიანებული არიან სამთავრობო და არასამთავრობო უწყებები, საერთაშორისო ორგანიზაციები. საბჭოს მიზანი ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული პოლიტიკის განსაზღვრა, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაა.
ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკისა და უწყებათაშორისი კომისიის ეფექტურობას ადასტურებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2016 წლის ანგარიში, რომლის მიხედვით, საქართველო ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით პირველი კალათის ქვეყნებს შორისაა − აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის სტანდარტებს და მთავრობა სისტემატურად და თანმიმდევრულად ახორციელებს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს.
საქართველოს წარმატებას ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიც აღნიშნავენ. ევროპის საბჭოს ტრეფიკინგთან ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფის (GRETA) 2016 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველომ 2012 წლიდან მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ტრეფიკინგთან ბრძოლის პოლიტიკის დახვეწის მიმართულებით; საერთაშორისო კვლევის − „მონობის გლობალური ინდექსის“ − 2016 წლის ანგარიშის მიხედვით კი, ტრეფიკინგთან ეფექტიანად ბრძოლის კუთხით საქართველო მსოფლიოში „GDP“-ის თანახმად მე-2, საერთო რეიტინგში მე-17, ხოლო რეგიონში პირველ ადგილს იკავებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0