იუსტიციის სამინისტრო კერძო მესაკუთრეებისთვის მიწის რეგისტრაციაზე წამახალისებელი ნორმების შემოღებას გეგმავს

15/01/2016

იუსტიციის სამინისტრო პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით, კერძო მესაკუთრეებისთვის მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით წამახალისებელი ნორმების შემოღებას გეგმავს.

როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მიწის რეგისტრაციის თემა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

“იუსტიციის სამინისტრო პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით გეგმავს, რომ სულ მალე წარმოადგინოს წამახალისებელი ნორმები ყველა კერძო მესაკუთრისთვის, რომელსაც შეიძლება საბუთები არ ჰქონდეს წესრიგში და რომელიც შეიძლება ჩვენთან, ყოფილი ტექბიუროს არქივებში, ან სხვაგან ინახებოდეს. ჩვენ გვინდა დავეხმაროთ ყველა კერძო მესაკუთრეს შეადგინოს თავისი დოსიე და მარტივად დაირეგისტრიროს საკუთრება”, – განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, რაც მეტ მიწას დაირეგისტრირებენ მესაკუთრეები და რაც მალე გააკეთებენ ამას, ეს სახელმწიფოსთვის მეტად მნიშვნელოვანი იქნება.

რაც შეეხება მიწის რეგისტრაციის ვადებს, მინისტრის თქმით, კერძო მესაკუთრეს ვადა ვერ ექნება.

“ძალიან მნიშვნელოვანია მესაკუთრეებს დავეხმაროთ, რომ საბუთრები მოიძიონ, რადგან, როგორც იცით, მიწის რეფორმა საქართველოში 90-იანი წლებიდან ძალიან რთულად ჩატარდა”, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0