იუსტიციის მინისტრმა ფონდი „Salve“ დაარეგისტრირა

07/03/2016

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და საფრანგეთი-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ანტუან ბარდონმა დღეს იუსტიციის სახლში ფონდი „Salve“ ოფიციალურად დაარეგისტრირეს. ფონდის მიზანი ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვებისთვის პროექტების დაფინანსება და სოციალურად დაუცველ ახალშობილებში კვების დეფიციტის აღმოფხვრის ხელშეწყობაა.

ფონდი „სალვე“ ხელს შეუწყობს ისეთი პროექტების დაფინანსებას, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელი გახდება ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების განრიდება ქუჩისგან. სოციალურად დაუცველ ოჯახებს ახალშობილთა დაბადების რეგისტრაციისას იუსტიციის სახლებში სპეციალური სასაჩუქრე პაკეტები გადაეცემათ. პაკეტში, სხვა საბაზისო საჭირო ნივთებთან ერთად, ის ვიტამინებიც იქნება, რომლებიც „UNICEF“-ის სტანდარტით კვების დეფიციტის აღმოფხვრისთვის არის აუცილებელი. სტატისტიკური მონაცემებით, დღეს საქართველოში 100 000 ბავშვზე მეტი კვების დეფიციტის მქონეა, რაც ხელს უშლის მათ ფიზიკურ და ინტელექტუალურ განვითარებას. ამ დეფიციტის აღმოფხვრა ურთულესია ორი წლის ასაკის შემდეგ. ამიტომაც, იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, „სალვეს“ ერთ-ერთი მიზანი ბავშვების კვების დეფიციტის აღმოფხვრის ხელშეწყობა იქნება.

ფონდი გასულ კვირას ყაზბეგში საფრანგეთი-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გალა ვახშამზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და საფრანგეთი-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ანტუან ბარდონმა დააფუძნეს. მისი პირველი შემომწირველები საფრანგეთის ყოფილი ელჩი საქართველოში რენო სალენსი და საქართველოში მოღვაწე ფრანგი, ქართველი და ამერიკელი ბიზნესმენები არიან. ყაზბეგშივე გაიმართა აუქციონი, სადაც მოწვეულმა ბიზნესმენებმა საფრანგეთი-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისათვის სხვადასხვა ორგანიზაციის, ხელოვანთა და სპორტსმენთა მიერ გადაცემული ნივთები შეიძინეს. პირველი 10 ათასი ლარი უკვე შეგროვდა, რაც იმედს იძლევა, რომ ბავშვებისათვის დაგეგმილი პროექტების განხორციელება 1 ივნისიდან შესაძლებელი გახდება.

„სალვეს“ საადვოკატო მომსახურებას საერთაშორისო საადვოკატო ფირმა „დეკარტის“ ხელმძღვანელი საქართველოში ნიკოლა მარიანი გაუწევს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0