იუსტიციის მინისტრმა სასწავლო წლის დაწყება ფოკელ ბავშვებს მიულოცა

15/09/2016

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ფოკის საჯარო სკოლას ეწვია და ფოკელ მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება პირადად მიულოცა. მინისტრმა პირველკლასელებს და ფოკის საჯარო სკოლის მაღალი კლასის მოსწავლეებს წარმატებული სასწავლო წელი უსურვა და სახელმწიფო ენის შესწავლის აუცილებლობაზე ესაუბრა:

„იმისათვის, რომ თითოეული თქვენგანი იყოს ამ ქვეყნის წარმატებული მოქალაქე, აუცილებელია, ისწავლოთ ქართული ენა ისევე, როგორც მშობლიური ენა იცით. კარიერის მანძილზე სახელმწიფო სამსახურში წარმატების მისაღწევად უმნიშვნელოვანესია, ფლობდეთ სახელმწიფო ენას. ამისთვის თქვენ გყავთ შესანიშნავი მასწავლებელი კლარა ფოცხვერაშვილი, რომელმაც თავისი ცხოვრება გადადო იმისათვის, რომ თქვენ ქართული ისწავლოთ. სწორედ ამ მიზნით ჩვენ დღეს ფოკაში საზოგადოებრივ ცენტრთან ბიბლიოთეკას და შეხვედრების დარბაზს ვხსნით. ბიბლიოთეკაში თქვენ გექნებათ წიგნები, კომპიუტერები, სადაც ჩატვირთულია ელექტრონული ბიბლიოთეკა; გექნებათ შეხვედრების დარბაზი ტრენინგებისთვის, რომელსაც ჩვენ ცოდნის გასაღრმავებლად გთავაზობთ; და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ იყოთ საქართველოს წარმატებული მოქალაქეები“.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ფოკის საჯარო სკოლა უკვე არის განსაკუთრებული, ვინაიდან ამ სკოლის 70 მოსწავლე წელს საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი გახდა.
დღესვე იუსტიციის მინისტრი ფოკის საზოგადოებრივ ცენტრთან ბიბლიოთეკას და შეხვედრების დარბაზს გახსნის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0